სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილი ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა

ბელგიის სამეფოში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქვეყნის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და ევროპის საქმეთა მინისტრს, დიდიე რეინდერსს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯები და გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს. აღინიშნა, რომ ევროპულ კანონმდებლობასთან ქართული საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციის პროცესი დადებითად მიმდინარეობს და ერთიანი ევროპული ოჯახის წევრობისაკენ ქართული სახელმწიფოს მისწრაფება ქვეყნის უმთავრეს საგარეო პრიორიტეტს წარმოადგენს.

შეხვედრაზე ყურადღება რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებაზე, უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინის კრიზისსა და მთლიანად რეგიონში არსებულ ვითარებაზე გამახვილდა. დიდიე რეინდერსმა კიდევ ერთხელ გამოხატა ბელგიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი სუვერენიტეტის მიმართ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას. მომავალი წლიდან ბელგია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი ქვეყანა ხდება და როგორც ვიცე-პემიერმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს საქრთველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებში და აქტიურად გააგრძელებს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პირველი მსოფლიო ომის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისა და ბელგიაში სტუმრობისათვის.

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის კომისიის თავმჯდომარის, ჯოზე მანუელ ბაროზუსადმი მიძღვნილ გამოსამშვიდობელ ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ბელგიის ქალაქებში - ნიუპორტსა და იპრესში პირველი მსოფლიო ომის მეასე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100