სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კლეო ფინკი - სამინისტროს უცხოელი სტაჟიორი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „უცხოეთში სტაჟირების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 3 თვით მასპინძლობს კლეო ფინკს. კლეო სტაჟირებას გაივლის სამინისტროს - განათლების დეპარტამენტში, აჭარის განათლების ფონდში ფრანგული ენის შემსწავლელ ჯგუფებთან და აჭარის ფრანგული ენის პედაგოგთა ასოციაციის ეგიდით დაგეგმილ ფრანგული ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

კლეო ფინკი გრენობლის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ამჟამად სწავლობს ლიონის უნივერსიტეტში ფრანგული, როგორც უცხო ენა სპეციალობაზე. „უცხოეთში სტაჟირების“ ქვეპროგრამაში ჩართვამდე, კლეო სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა. ის იყო ფრანგული, როგორც უცხო ენა მასწავლებლის ასისტენტი, შშმ მოსწავლეებთან დამხმარე მასწავლებელი, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასისტენტი სოციალური მიმართულებით, დამოკიდებულების მქონე პირთა სამკურნალო ცენტრში სოციალური მუშაკი და სხვა.

როგორც თავად კლეო ამბობს: „ჩემი პირველადი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა სხავადსხვა კულტურის მატარებელ ადამიანებთან ურთიერთობა, სწორედ ამან მიბიძგა შემესწავლა ახალი სპეციალობა, რაც საშუალებას მომცემდა ფრანგული ენა მესწავლებინა უცხოელებისათვის. მასწავლებლის პროფესია ბავშვობიდანვე მიტაცებდა. გადაწყვეტილი მაქვს მომავალში ამ პროფესიას გავყვე. ამჟამად ამ მიმართულებით ვსწავლობ და ვფიქრობ ამავე მიმართულებით გავაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაზეც. აქედან გამომდინარე, ვცდილობ გავამდიდრო ჩემი, როგორც ფრანგული ენის მასწავლებლის პროფესიული გამოცდილება. ამ ქვეპროგრამის მეშვეობით მომეცა შესაძლებლობა აღმოვაჩინო კიდევ ერთი უცხო ენა, რაც ჩემი განათლების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.

სამინისტრო აჭარის რეგიონიდან ყოველწლიურად აგზავნის 8 ახალგაზრდას ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი ქვეყნების რეგიონებში და ერთს ღებულობს პროფესიული სტაჟირების გასავლელად. საბუთების მიღება პროგრამაში მონაწილეობისათვის მიმდინარეობს წლის ბოლომდე.

    კომენტარი

    სარეკლამო ადგილი - 101
    100 x 100