ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა
საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი პრესსამსახური ღარიბაშვილის სახელით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ
„მინდა შემოგთავაზოთ თბილისში ღვინის მუზეუმის შექმნის ინიციატივა. ეს უნდა გახდეს ერთგვარი ცენტრი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ქართული ღვინის მთელი ისტორია,"- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ,,ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის" პრეზენტაციაზე გააკეთა. მანვე კიდევ ერთი ინიციატივა გააცნო პრეზენტაციაზე მყოფთ- დაარსდეს ქართული ღვინის დღე და ეს დღე აღინიშნოს ყოველწლიურად, ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ ქართული მეღვინეობის ისტორია ქართველი ხალხის მთელ ისტორიასთან არის დაკავშირებული და ამდენად ვაზი და ღვინის კულტურა ქართველობის იდენტობის ტოლფასია. მისივე თქმით, შემზარავი იყო, როცა მთელმა საქართველომ ნახა ნაჯახმომარჯვებული კახელი გლეხი, თავისი ხელით რომ ჩეხდა ვაზს. „ვაზისა და ღვინის ქვეყანაში ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ! ჩვენ ვალდებული ვართ ვიზრუნოთ მევენახეობაზე, ხელი შევუწყოთ მის გადარჩენასა და განვითარებას,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ,,ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის" პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა და მას სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი, ასევე მსოფლიოში ცნობილი მკვლევარები და მეცნიერები დაესწრნენ.“ - ნათქვამია განცხადებაში
კომენტარი