სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შვეიცარიული საათი 5 მლნ. დოლარი ღირს

შვეიცარიულმა საათების კომპანიამ გასულ კვირას ახალი საათი წარმოადგინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია.

Hublot მარკის საათი თეთრი ოქროსგანაა დამზადებული, მასზე კი 140 კარატის ბრილიანტია მიმობნეული, ეს ყველაფერი კი „სულ რაღაც“ 5 მილიონი დოლარი ღირს.

ძვირფასი ქვებითაა მოფენილი არამხოლოდ ციფერბლატი, სამაჯურიც კი, ამიტომაც მისი მიჩნევა პრაქტიკულ აქსესუარად თითქმის წარმოუდგენელია. ამას მწარმოებელიც ეთანხმება, რომელიც საათის ამ მოდელს ძვირფას სამკაულად განიხილავს, რომელიც ხაზს უსვამს საქმიანი ადამიანის მაღალ სტატუსს.

საერთო ჯამში, საათს 1 292 ბრილიანტის თვალი ამშვენებს, აქედან ექვსი კი თითოეული სამ კარატს იწონის.

შეუძლებელია, მწარმოებელთა მაღალპროფესიონალიზმით არ აღფრთოვანდე - მაჯის საათი იდეალურამდე სრულყოფილია. მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებმა, რომელიც ცნობილ ფრანგულ ბრენდს, LVMH-ს ეკუთვნის, განაცხადეს, რომ საათის დიზაინზე და მის საბოლოო სრულყოფაზე 17 განთქმული მესაათე 14 თვის განმავლობაში მუშაობდა.

კომპანიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ ბრივერმა საათის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე უფრო ძვირი, ანალოგიური მოცულობის საათის დამზადება, პრაქტიკულად შეუძლებელია:

„ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით ჩვენი კლიენტების სურვილებს და მათი ნებისმიერი კაპრიზი ჩვენთვის კანონია. თუკი თქვენ მოინდომებთ საათის დამზადებას, რომლის ფასი 100 მილიონი დოლარი იქნება, ჩვენ მასაც დაგიმზადებთ, მაგრამ ისეთი მძიმე იქნება, რომ ადგილიდან ვერ დაძრავთ“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100