სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველა დეტალი გასაჯაროვდეს, რამაც საქართველოს მოქალაქეები 200 მილიონამდე ლარით გააღარიბა - გიორგი კაპანაძე კალაძის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კაპანაძე Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავის წაგებას ეხმაურება.

კაპანაძე მოითხოვს, ყველა ის დეტალი გასაჯაროვდეს, რამაც საქართველოს მოქალაქეები 200 მილიონამდე ლარით გააღარიბა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„ხელისუფლების არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური მოქმედებების გამო, საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, საქართველოს ბიუჯეტს 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა, რაც თითქმის 200 მილიონი ლარია.

ძვირფასო მოქალაქეებო, „ქართული ოცნების“ მაშინდელმა ენერგეტიკის სამინისტრომ, ელექტროენერგიის ტარიფები 2-ჯერ გაზარდა, შემდეგ კი, თითქოს რამდენიმე პროცენტით შეამცირა, რის გამოც ცალმხრივად მოშალა ხელშეკრულება და რამაც წარმოშვა საერთაშორისო დავა.

საბოლოოდ, ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის გამო, რომლის ჩრდილოვანი მმართველი ტარიფების განახევრებას გვპირდებოდა, ელექტროენერგიაც გაგვიძვირა და დამატებით 200 მილიონი ლარის გადახდაც დაგვეკისრა.

ეს არის მძიმე ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისათვის და ეს ნიშნავს თითოეული თქვენგანის კიდევ უფრო მეტად გაღარიბებას. მსხვილი კორუფციული სქემებითა და “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი გადაწყვეტილების გამო, საფრთხე ექმნება ჩვენს ენერგო დამოუკიდებლობას. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ დადგეს მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი.

„ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს, რომ ყველა ის დეტალი გასაჯაროვდეს, რამაც საქართველოს მოქალაქეები 76 მილიონი დოლარით - თითქმის 200 მილიონი ლარით გააღარიბა. მაგალითად, ამ თანხით შესაძლებელი იქნებოდა, კახეთის ავტობანი გაგვეკეთებინა ისე, რომ ვალი არ აგვეღო“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსულ "ინტერ რაოსთან" სასამართლო დავა წააგო და ოკუპანტი ქვეყნისთვის 200 მლნ ლარის გადახდა დაეკისრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100