საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს ანგარიშის "დაბალანსებულობას" მიესალმება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს ანგარიშის "დაბალანსებულობას" მიესალმება.
სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოადგილეების დონეზე მონიტორინგის ანგარიში თემაზე "ნაკისრი ვალდებულებების შესრულება" (2010 წლის იანვარი - 2011 წლის აპრილი) განიხილა, რომელიც დემოკრატიისა და პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ მომზადდა.
"ანგარიშში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის ბოლო ანგარიშის შემდეგ, რომელიც მინისტრთა კომიტეტს 2010 წელს წარედგინა, საქართველოს მიერ მიღწეულ იქნა პროგრესი სასამართლო, სამართალდაცვით და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში, ისევე, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესების ინიციატივების თვალსაზრისით". დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებში მინისტრთა კომიტეტი საქართველოში მიღწეულ პროგრესს მიესალმა და სამდივნოს დაავალა, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ერთად საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის ორწლიანი სამოქმედო გეგმა შეემუშავებინა," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ "ევროპის საბჭოს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების გაგრძელებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს".
"მიუხედავად იმ დაბრკოლებებისა და გამოწვევებისა, რომლებიც რუსეთის შემოჭრისა და საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის შედეგად წარმოიშვა, საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულების მიზნით თავის ძალისხმევას გააგრძელებს" – აცხადებს ოფიციალური თბილისი.
სამინისტრო ასევე იწონებს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა რუსეთის მხარის მიერ შეთავაზებული შესწორებების მიღებაზე, რომლებიც გადაწყვეტილებებიდან საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ პუნქტის ამოღებას ითვალისწინებდა და მონიტორინგის ანგარიშით გათვალისწინებულ რეკომენდაციებსა და დასკვნებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.
"მიგვაჩნია, რომ ევროპის საბჭოს დანარჩენი წევრი სახელმწიფოებისგან იზოლირების ნაცვლად, რუსეთის მთავრობა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უნდა შეუდგეს," - აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება.
კომენტარი