სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორში საკრებულოს წევრების მიერ „დაკლული და შეჭმული“ დათვი „გაცოცხლდა“

მრავალჭირვარამნანახი გორელები განგებას ნამდვილად ვერ დაემდურებიან, სასიხარულო სასწაულის მხილველებს იშვიათად გვხდისო: ძველით ახალ წელს ამ ქალაქის ზოოპარკში ნამდვილი სასწაული მოხდა: დათვი, რომელიც, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, გორის საკრებულოს წევრებმა დაკლეს და შეჭამეს, სრულიად მოულოდნელად „გაცოცხლდა“ და იმდენადაც კი შეისხა ხორცი, რომ დღეს ზოოპარკში მისთვის სურათის გადაღება პრობლემა არ გამხდარა.

არადა, გორის საკრებულოს დათვიჭამია წევრებზე ნამდვილად განრისხდებოდით, „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის“ გავრცელებული ნიუსი რომ წაგეკითხათ: დათვის ხორცის დაგემოვნებას ვინ ჩივის, საკრებულოს წევრებს მთელი გეგმა შეუდგენიათ: ორი დათვი ერთ გალიაში მოუთავსებიათ, მათ ერთმანეთი დაუსისხლიანებიათ და ამის შემდეგ ლოგიკურად მისულან დასკვნამდე, რომ დათვი უნდა დაეკლათ.

აბა, საკრებულოს წევრების სურვილს წინ ვინ და რა აღუდგებოდა და, როგორც საბა წიწიკაშვილის გუნდი გვიყვება - საკრებულოს წევრები დათვის ხორცით კარგად დანაყრდნენ. როგორც ჩემმა ერთმა ენამახვილმა ფეისბუქ-მეგობარმა შენიშნა, ისე ჩაიტკბარუნეს პირი დათვის მწვადებით, რომ მეზობლებისთვის ჩიჩქიც არ უწილადებიათ... რა თქმა უნდა, ახალი წლის შესაფერისად მოიქცეოდნენ: ალბათ, იყიდეს კაი თონის პურები, ყველი, მწვანილი, აიღეს ბოთლები, დახსნეს, დახვდათ შიგ ღვინო... მოკლედ, რაღას მალაპარაკებთ, თანმიმდევრობა ხომ ისედაც ზეპირად იცით - მთავარი ისაა, რომ ამ ღრეობას, თურმე, დათვი შეწირვია, რომელმაც, ალბათ, ფიქრობდა ახალი წელი თუ მოვიდა, მე რა დავაშავეო... ვნახოთ ციტატა:

„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2010 წელს, სტალინის სახელობის ცენტრალურ პარკში გამართული მცირე ზოოპარკიდან დათვები გაქრა. ერთ-ერთი დათვი ახალი წლის წინა დღეებში დაკლეს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ჭამეს. ორი მამრი დათვი ერთ გალიაში მოათავსეს, ერთმანეთი დაასისხლიანეს და მერე იძულებული გახდნენ, სასიკვდილოდ ნაცემი ერთ-ერთი დათვი დაეკლათ“.

და აი, ძველით ახალი წლის მეორე დღეს, რომელსაც ბევრნი ბედობის დღესაც უწოდებენ, სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ დათვი თავის გალიაშია და გემრიელად მიირთმევს საკვებს. ეს მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც გორელების ნაწილმა სრულიად მარტივი და არაშრომატევადი მანიპულაცია შეასრულა: ზოოპარკში ბავშვები წაიყვანა, რომლებიც ლამის იყო, ქვითინებდნენ მათი საყვარელი ცხოველის ბარბაროსულად შეჭმის გამო. წაიყვანა და დათვის გალიას სურათებიც გადაუღო, მერე კი „ფეისბუქის“ მეშვეობით მთელ ქვეყანას ამცნო, რომ გორის საკრებულოს დათვიჭამია წევრები არ ჰყავს.

რა თქმა უნდა, იგივე, მართლაც მარტივი, უმტკივნეულო და არაშრომატევადი მანიპულაციის ჩატარება (დათვისთვის ან ცარიელი დათვის გალიისთვის სურათის გადაღებას ვგულისხმობ) „ქართლი ჯი“-ს ჟურნალისტსაც შეეძლო, მაგრამ აბა სკანდალი რანაირად გამოცხვებოდა. ამიტომაც, მასალას დაერთო დათვისთვის კარგა ხნის წინ გადაღებული ფოტო და გაუკეთდა მინაწერი: „შეჭმული დათვი (ფოტო გადაღებულია ზაფხულში)“. - აქაოდა, რაც არ არის, რანაირად გადავიღოთო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100