დავით ერაძე: თუ მეძმარიაშვილს საკუთარი სიმართლის სჯერა, საერთაშორისო დონეზე უნდა გააჟღეროს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტის, დავით ერაძის განცხადებით, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხთან დაკავშირებით თუ პრეზიდენტობის კანდიდატ ირაკლი მეძმარიაშვილს საკუთარი სიმართლის სჯერა, ეს საერთაშირისო დონეზეც უნდა გააჟღეროს.
ამის შესახებ დავით ერაძემ პრეზიდენტობის კანდიდატისა და ჟურნალისტების დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„აქ საუბარია პროცესუალურ დარღვევებზე, ეს სასამართლოში განსახილველი საქმეა და არც მსოფლიო ორგანიზაციისთვისაა ეს უცხო. ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინე მოსაზრებები, რომ თუ წერილი გაიგზავნება მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში, იქიდან გაგვრიცხავენ. არავინ არსაიდან არ გაგვრიცხავს. თუ ადამიანს საკუთარი სიმართლის სჯერა, ეს საერთაშორისო დონეზეც უნდა იყოს გაჟღერებული“,- განაცხადა დავით ერაძემ.
დავით ერაძის თქმით, აღნიშნული ფორმატი ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.
„ჩვენ, ჟურნალისტები, უშუალოდ ვართ ჩართულნი ამ მოვლენებში, ბევრ რამეს შესაძლოა მათზე უკეთესადაც ვხედავდეთ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივიღეთ ბატონი ირაკლისგან. ასევე, მანაც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მიიღო ჟურნალისტებისგან. ყველაზე კარგი, რაც ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ, არის ის, რომ დასრულდეს ნიშნის მოგებით საუბრები და თითის გაშვერა. როგორც ბატონი ირაკლი ამბობს, მას მხარი 57-მა დელეგატმა დაუჭირა, რომლებიც ყველაზე მეტად წარმოჩენილები არიან ოლიმპიურ მოძრაობაში. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებმა კეთილი უნდა ინებობ, აიღონ პასუხისმგებლობა და ღიად ისაუბრონ ყველაფერზე. პროცესთან მიმართებაში შეხედულება რაც მქონდა, იგივე მაქვს. მიმაჩნია, რომ ეს სისტემა ძალიან მახინჯი იყო ოთხი წლის წინ ჩატარებული არჩევნების დროს, უფრო მახინჯი იყო 8 წლის წინ ჩატარებული არჩევნებისას. ეს სისტემა უნდა შეიცვალოს, თუმცა ამის ნებას ვერ ვხედავთ. ნებისმიერმა დელეგატმა ნება უნდა იბოძოს და კანონიერების ჩარჩოებში მოექცეს“,- განაცხადა დავით ერაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა სპორტული მედიის 20-მდე წარმომადგენელთან დახურული ფორმატის შეხვედრა გამართა.
საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოში არსებული დავა და პრეზიდენტობის კანდიდატის სამომავლო გეგმები იყო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მეძმარიაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატი საშუალებას იძლევა ნებისნიერ საკითხთან დაკავშირებით დეტალური განხილვა მოხდეს.
„აღნიშნულ ფორმატში მედიის წარმოამდგენლებთან გულახდილი საუბარი შედგა. ის, რისი თქმაც ტელეეთერებთან არ შეიძლება ან საჭირო არ არის, დღეს გაჟღერდა. ვთვლი, რომ ეს პირველ რიგში ჩემთვის იყო საინტერესო და სასარგებლო. სასამართლო დავა გრძელდება და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა. დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი მწვავე საკითხი განვიხილეთ. მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო ისეთი ლმობიერი, როგორიც აქამდე ვიყავი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი მეძმარიაშვილმა.
მეძმარიაშვილი მომდევნო კვირაში ოლიპიელებთან, სპორტსმენებსა და დელეგატებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას გეგმავს.
მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი და გენერალური მდივნობის კანდიდატი მაია აზარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს.
კომენტარი