საბერძნეთში დაკავებული ქართველი „კანონიერი ქურდის“ ლაშა შუშანაშვილის დოსიე
ათენის პირველი ინსტანციის სასამართლო დღეს იმსჯელებს საბერძნეთის დედაქალაქში დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, ე.წ. კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილისა და მისი პირადი დაცვის წევრისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, გადასცემენ თუ არა შუშანაშვილს ესპანეთის ხელისუფლებას, სადაც ის ბოლოს ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნება.
შეგახსენებთ, რომ ბერძენმა სამართალდამცველებმა ლაშა შუშანაშვილი გუშინ აიყვანეს, თუმცა, თავდაპირველად მხოლოდ მისი ასაკი და ეროვნება სახელდებოდა.
ასევე თავიდანვე გახდა ცნობილი, რომ დაკავებულები ათენის ძვირადღირებულ სასტუმროში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით ცხოვროდნენ.
საბერძნეთის პოლიციის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 51 წლის ქართველ კრიმინალს წითელი ცირკულარით ეძებდა ინტერპოლი.
ლაშა შუშანაშვილს, იგივე „ლაშა რუსთავსკის“ დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მის სასტუმრო ნომერში პოლიციამ პისტოლეტი და ათი საბრძოლო ვაზნა, ასევე მობილური ტელეფონები ამოიღო.
აღსანიშნავია, რომ ლაშა შუაშანაშვილი მანამდეც იყო დაკავებული, მაგრამ მუდამ ახერხებდა პატიმრობიდან გაქცევას ან სპეცოპერაციის დროს ალყიდან გაღწევასა და მიმალვას. ბოლოს ის სწორედ ბერძენ პოლიციელებს გაექცა 2 წლის წინ.
ეს იყო ერთობლივი სპეცოპარაცია, რომელიც ჩატარდა ესპანეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, იტალიასა და საფრანგეთში. მაშინ ლაშა შუშანაშვილის ძმა – კახა ესპანეთში დააკავეს.
მას ფულის გათეთრებაში, იარაღის კონტრაბანდასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებდნენ. ამას გარდა, სწორედ კახა შუშანაშვილს მოიხსენიებდნენ ქართულ–რუსული მაფიის ერთ–ერთ მეთაურად, რომელიც დიდძალ ქონებას ფლობდა.
კომენტარი