სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბანანის რესპუბლიკად“ გადაკეთებული „დარდუბალა“ ახალი წლიდან „მაესტროზე“ დაიბუდებს

შალვა რამიშვილს უყვარს ეგზოტიკა. სულაც თუ არ იცნობთ და მისი საუნივერსიტეტო წლების შესახებ არაფერი იცით, სულაც თუ ფბ-ზე დაუმეგობრდით, ამას იქ, სოციალურ ქსელზეც შეამჩნევდით - გაზიარებული ბმულების გადათვალიერებით. არადა, ვისაც 90-იანი წლების თსუ-ში ჩატარებული „კა-ვე-ენი“ და მისი წამყვანი ახსოვს, ისიც ეხსომება, რარიგ უყვარდა შალვას ბანანი, რომელიც მაშინდელ თბილისში ძნელად იშოვებოდა, მაგრამ მაინც აპარებდნენ: ზოგჯერ სცენაზეც კი შეექცეოდა, ოღონდ, ეს ჟესტის დონეზე ჰქონდა აყვანილი და აუცილებლად მოაყოლებდა რაიმე ისტორიას. მერე რა, რომ ის წამყვანი იყო - სხვებისგან გამორჩეულობის ამბიციას შალვა არც ერთ ამპლუაში არ უჩიოდა.

დღეს, როცა გახმაურდა ახალი „დარდუბალას“ ახალი ბუდე და სახელწოდება, შალვამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეგზოტიკისა და ეგზოტიკური ხილის მოყვარულია. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ბანანის მოყვარულმა შალვა რამიშვილმა (ნეტა, დამოუკიდებლად?) მოიფიქრა: ახალ მულტსერიალს „ბანანის რესპუბლიკა“ ერქმევა და „მაესტროზე“ ახალი წლიდან გავა ეთერში.

გაინტერესებთ, ვინ უნდა გადაიღოს? მათ შორის, ვინც ამ საპატიო მისისა შეასრულებს, „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი, სოფო ხორგუანიცაა. რაო? „ქართული პარტია“ სწორედ ისაა, ვისაც საქართველოს გადაქცევა მართლაც სურდა ბანანის რესპუბლიკადო? აჰ, ამას რას ამბობთ, ემანდ, შალვას ბიძინამისმა არ გაუგოს, დაფინანსება არ გადაიფიქროს...

ხომ არ გგონიათ, რომ „ბანანის რესპუბლიკა“ წინა „დარდუბალას“ გაგრძელებაა და იმავე საქართველოს აღწერს, სადაც „დარდუბალა“ დაიბადა? არა, მეგობრებო - მულტსერიალის მთელი გენიალურობა სწორედ ის გახლავთ, რომ მისი სახელწოდების ქვეშ დღევანდელი საქართველო იმალება. ამასთან, სათაურში ერთი ქვეტექსტიც დევს: აი, ბანანის რესპუბლიკა, რომელსაც რა ეშველებოდა, ერთ მილიარდერს ღამეები რომ არ ეთია და პოლიტიკაში წასვლა არ გადაეწყვიტა - ხომ დარჩებოდა ბანანის რესპუბლიკად?.. ახლა კი შანსი აქვს - ბანანის რესპუბლიკის სტატუსიდან ყველაზე მაღალ საფეხურზე ელვისებურად აინაცვლოს და ორ-ოთხ წელიწადში, ალბათ, ახალი მულტსერიალიც დაიბადება: „გაოგნებული ევროპა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100