ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური: შესრულებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა 12 ოქტომბერს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადეს. „გადასახადის გადამხდელთა კავშირთან“ შეხვედრისას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებული წინასამშენებლო სამუშაოები შეაჯამეს და ქალაქ ანაკლიის კონცეფცია და სამუშაო პროცესი წარადგინეს.
„ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია და მასზე მუშაობით დაიწყო ახალი რეალობის შექმნა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები შარშან დავიწყეთ და პირობა დავდეთ, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში უშუალო მშენებლობის პროცესს დავიწყებდით. ეს იყო თავაუღებელი შრომის ერთი წელი, რომელშიც ჩართული იყო მთელი ჩვენი გუნდი, ექსპერტები, საკუთარი საქმის პროფესიონალები და ის მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, რომლებიც საზღვაო, ინფრასტრუქტურული, გარემოს შესწავლისა თუ სხვა სფეროებში მსოფლიოში წამყვანნი არიან. ჩვენ შევძელით და ამ მასშტაბური მუშაობის ხარჯზე, დათქმულ დროში შევასრულეთ პირობა. ახლა კი პროექტის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ეს არის უშუალოდ პორტის მშენებლობა”, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. მასთან ერთად პორტის პროექტის სამუშაოები შეაჯამეს კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და „ანაკლია სითის“ დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.
2017 წლის დეკემბერში ანაკლიის პორტის სახმელეთო სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
წინასამშენებლო მოსამზადებელი ეტაპი 2016 წელს დაიწყო და ამ პერიოდში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები და პროექტები:
· „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ შეარჩია და გამოავლინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი - მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine. იგი ასევე ანაკლიის პორტის ერთ-ერთი ინვესტორი იქნება.
· მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმა. დაახლოებით 600-გვერდიან დოკუმენტზე 1 წლის განმავლობაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად საერთაშორისო კომპანია MTBS-ი მუშაობდა. გეგმა 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.
· დაიწყო მუშაობა ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე, რომელსაც კომპანია „ანაკლია სითი“ ხელმძღვანელობს.
„ანაკლია სითიმ“, რომელიც 2017 წლის ივნისში დაფუძნდა, ამ დროისათვის უკვე გააფორმა მემორანდუმი სამხრეთ კორეის ინჩეონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან; დაიწყო კომუნიკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან;
ჩაატარა ტენდერი იმ კომპანიების გამოსავლენად, რომლებმაც უნდა მოამზადონ „ანაკლია სითის“ ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა.
· წამყვანმა ჰოლანდიურმა კომპანია Van Oord-მა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჩაატარა მოსამზადებელი საზღვაო საინჟინრო, მათ შორის, გეოტექნიკური, ტოპოგრაფიული და სხვა კვლევები. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ დაასრულა პროექტის განხორციელებადობის ყველა ტექნიკური კვლევა.
· მომზადდა ანაკლიის ნავსადგურის წინასწარი დიზაინი, რომლის შედგენაშიც კონსორციუმთან ერთად ჩართულნი იყვნენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები Moffatt & Nichol-ი, Royal HaskoningDHV-ი და Van Oord-ი.
· მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
· საქართველოს მთავრობამ დაასრულა ანაკლიის ნავსადგურის საინვესტიციო ტერიტორიების გამოსყიდვა.
· მომზადდა ანაკლიის პორტის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელზე მუშაობის დროსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ჩაატარა 50-ზე მეტი კვლევა პორტისა და მიმდებარე ტერიტორიის ფლორის, ფაუნისა და საზღვაო ნაწილის შესასწავლად; სხვადასხვა დროს გამართა საჯარო შეხვედრები ზუგდიდსა და ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან; ანგარიშზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო 20-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის Royal HaskoningDHV და Ecoline International-ი. ჩატარდა ანაკლიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური კვლევები.
კომენტარი