1+1=2 ანუ მე თქვენ მიყვარდით
მე და თქვენ.
ჩვენ არასდროს.
მე და თქვენ არასდროს გვივლია ერთად.
თქვენ არასდროს გიჩუქნიათ ჩემთვის ყვავილი.
არც სიცივისგან გაყინული თითები გაგითბიათ ოდესმე
1+1=2
თქვენ არასდროს მიძღვნიდით ლექსებს, არასდროს შეუწუხებიხართ ჩემს
,,მჭირდები გამომეტყველებას”
არც ,,მიყვარხარ” გაგვიცვეთავს ხშირი მოხმარებით.
თქვენ არასდროს მიკრეფდით გვირილებს, არც კი იცოდით, რომ ყვითელი ქრიზანთემები მიყვარდა.
არც საახალწლო მეჯლისზე გვიცეკვია ერთად,
საოცნები პრინციც არასდროს ყოფილხართ, ალბათ არც მე ვიყავი პრინცესა.
1+1=2
თქვენ არასდროს ჰგავდით ჩემი საყვარელი წიგნის გმირს.
არასდროს მახარებდა თქვენი ხისტი საუბარი.
ჰაერიც კი არ გვქონია საზიარო.
მე არასდროს მომწონდა თქვენი მომზადებული შავი ჩაი, ჟასმინის არომატით.
თქვენ ყოველთვის ჰგავდით ჩემს შეუმდგარ პოეზიას.
1+1=2
მე არასდროს ვეჭვიანობდი იმ ქალბატონებზე, რომელთაც თქვენ ბალზე იწვევდით.
მათი მდიდრული კაბები ყოველთვის ჩამორჩებოდა ჩემს მდიდრულ წარმოსხვას წვიმაზე.
თქვენ ყოველთვის გაბნევდათ ჩემი უნიღბო სტუმრობა მეჯლისზე.
არასდროს ვოცნებობდით ერთად…
არასდროს ვმდგარვართ ისე ახლოს, რომ გვეგრძნო ერთმანეთის ფილტვებიდან ამონადენი თბილი ჰაერი.
მე არასდროს გელოდებოდით თქვენ, არც მაშინ როცა დაბრუნების პირობებს მაძლევდით.
მე არასდროს ვგავდი იმ თქვენს ქალბატონებს, საღამოობით მეფის კარზე სავახშმოდ მისვლა, რომ ახარებთ და ყურადღებას ნაზი სიცილით იქცევენ.
საღამოობით მე ყოველთვის ფანჯრის დარაბიდან ვუმზერდი ჩამავალ მზეს… მთვარეს ველოდი რადგან,
თქვენ არასდროს გინახავთ ღრუბლიან ღამეს როგორ დამთენებია მთვარის ლოდინში.
1+1=2
და არასდროს იცოდით, რომ მე მიყვარდით.
მე თქვენ მიყვარდით
და მაინც..მე თქვენ ძალიან მიყვარდით!
კომენტარი