სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წმინდა ნიკოლოზი სვეტიცხოვლის კედელზე: ხილული სასწაული თუ შუქჩრდილები?

2011 წლის 20 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, როცა სვეტიცხოველში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა და მირონის ხარშვის პროცესს ესწრებოდა, ნაშუაღამევს, დაახლოებით პირველ საათზე ისეთი მოვლენნა მოხდა, რამაც მრევლის, სასულიერო პირების, თეოლოგებისა და სხვათა აზრი ორად გაყო: ნაწილი ამბობდა, რომ რაც მოხდა, ნამდვილი სასწაული იყო და სვეტიცხოვლის კედელზე წმინდა ნიკოლოზი გამოისახა, ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და მასობრივი ჰალუცინაცია კედელზე შუქჩრდილების თამაშით იყო გამოწვეული.

სვეტიცხოველში მომხდარზე პირველი სტატია „პრესა.ჯი“-მ გამოაქვეყნნა და განხილვებიც სწორედ იქედან დაიწყო. ფრაგმენტი სტატიიდან:

„მლოცველთა თქმით, დაახლოებით შუაღამის პირველ საათზე ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის ხატი გამოისახა.

თვითმხილველთა თქმით, ღამისთევით მლოცველთა უმრავლესობა ამ სასწაულის შემდეგ გაოგნებული იყო. როგორც მოვლენის ერთ–ერთმა თვითმხილველმა, ლეილა ჩარგაზიამ „პრესა.ჯი“–ს უთხრა, რამდენიმე ქალს გულიც კი წაუვიდა:

„როგორც კი ვიღაცამ დაიძახა, ნახეთ, წმინდა ნიკოლოზი გამოისახაო, მრევლი აღმოსავლეთ კედელს მიაწყდა. ამ დროს ტაძარში მირონი იხარშებოდა. წმინდანი სწორედ იმ მხარეს გამოისახა კედელზე, სადაც მირონს ხარშავდნენ. იგი ასეულობით ადამიანმა ნახა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩანდა და არ შეიძლებოდა, სხვაში აგრეოდა. თავდაპირველად რამდენიმე ქალი ცუდად გახდა – გული წაუვიდა. ჩვეულებრივი, ყველა მორწმუნისთვის ცნობილი ხატის გამოსახულება იყო, ღვთისმშობელი რომ ომფორს აწვდის და მაცხოვარი კი სახარებას...“

გამოქვეყნებულ სტატიაში ისიც იყო ნათქვამი, რომ ზემოთხსენებული მოვლენით ინტერნეტტელევიზია "itv.ge" დაინტერესდა და რამდენიმე თვითმხილველიც მოიძია, რომელთაც კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახვა მობილური ტელეფონით ჰქონდათ გადაღებული. თემაზე მომუშავე გადამღებმა ჯგუფმა სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრის ჩაწერაც სცადა, თუმცა, მან ამ მოვლენის კომენტირებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ კედელზე გამოსახულება პირადად არ უნახავს. იქვე იყო მითითებული ბმული სიუჟეტზე, რომელიც itv.ge-მ მოამზადა.

გამოქვეყნდა ასევე სტატია სათაურით: „დედა პარასკევა: „სასწაული სვეტიცხოველში უამრავმა ადამიანმა გადაიღო“, სადაც დედა პარასკევა არათუ ადასტურებს მომხდარ ფაქტს, არამედ ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ადრეც ყოფილა:

„რა თქმა უნდა, დიდი მადლისა და წმინდა ნიკოლოზის მფარველობის ნიშანია ის, რაც მოხდა, მაგრამ გეტყვით, რომ სასულიერო სფეროში ასე თუ ისე, ღრმად ჩახედული პირისთვის მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ასეთი გამოცხადებები ჩვეულებრივი მოვლენაა, არამედ მინდა, მირონის ხარშვის მნიშვნელობას გავუსვა ხაზი. როგორც მამა გაბრიელი ამბობდა, მირონის ხარშვის დროს იქ წმინდანები ტრიალებენ. ალბათ, გუშინ ღამითაც ბევრნი იყვნენ, ხალხთან გამოჩენა კი წმინდა ნიკოლოზმა ინება...

დედაო, ადრე თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევები?

– მე მამა გაბრიელისგან არაერთხელ მსმენია, რომ ყოფილა. ასე მაგალითად, 16 წლის წინ, როცა სვეტიცხოველში ასევე მირონი იხარშებოდა, კედელზე მცირე ხნით რამდენიმე წმინდანი გამოჩნდა. მირონის ხარშვა უდიდესი მადლის მქონე რიტუალია და არ არის გასაკვირი, რომ ამ რიტუალს წმინდანები ესწრებიან...

მაგრამ სკეპტიკოსებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მასობრივი ჰალუცინაცია ან ფსიქოზი იყო და არა გამოცხადება...

– ღმერთმა შეუნდოს, თუ ასე ამბობენ... ამაში ეჭვის შეტანა როგორ შეიძლება, უამრავი ადამიანია თვითმხილველი, როგორ შეიძლება ყველას ერთდროულად ჰალუცინაცია დაეწყოს? სხვათა შორის, უამრავმა ადამიანმა მოახერხა ამ გამოცხადების გადაღება: ზოგმა მობილურ ტელეფონზეც გადაიღო და ეს კადრები, ალბათ, გავრცელდება. მერე, ალბათ, არავის შეეპარება ეჭვი.

დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს გამოცხადება?

–ნახევარ საათზე მეტს. ხალხი იდგა და ლოცულობდა, თავდაპირველად წმინდა ნიკოლოზის გამოჩენა იმდენად დიდი მოულოდნელობა იყო, რომ ზოგიერთი შეუძლოდ გახდა. მრევლზე ვსაუბრობ, თორემ მირონის ხარშვის რიტუალი არ შეფერხებულა – სასულიერო პირებმა სარიტუალო მოქმედება გააგრძელეს...“

სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა: სასულიერო პირების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში სასწაულზე საუბარი გადაჭარბებულია, ნაწილი კი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ მრევლმა, უბრალოდ, სასურველი დაინახა და რეალურში აერია. სენსაცია მინელდა. რა მოხდა სინამდვილეში სვეტიცხოვლის ტაძარში წლევანდელ დიდ ხუთშაბათს, ისევ ბურუსითაა მოცული. საპატრიარქომ ეს ფაქტი თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ აღქმამდე და რწმენამდე დაიყვანა, რადგან ოფიციალური კომენტარი მომხდარზე არ გაკეთებულა. აქედან გამომდინარე, ნაწილს დღესაც მიაჩნია, რომ სვეტიცხოველში ხილული სასწაული მოხდა, ნაწილს კი სჯერა, რომ სვეტიცხოვლის კედელზე, უბრალოდ, შუქჩრდილების ანარეკლი გამოისახა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100