სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ იმსახურებს საქართველო მეტ დაფასებას ევროპისგან

ევროკავშირი რთულად, მაგრამ მაინც აცნობიერებს იმას, რომ ბალკანეთის დასავლეთისკენ გაფართოვების იდეა – გადაუდებელი პრიორიტეტია. მალე ხორვატია გაწევრიანდება ბლოკში, შემდეგი სერბეთია, სერბეთის შემდეგ კი სავარაუდოდ მონტენეგრო და შემდეგ უკვე საბოლოო ჯამში ალბანეთი, ბოსნია, მაკედონია და კოსოვო. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ თითოეული ახალი გაწევრიანება დანარჩენებს ანომალიებად წარმოაჩენს. როგორც სჩანს მალე შეიცვლება მოლდავეთის სტატუსიც, რომელიც შავი ზღვის შავი ხვრელი გახლდათ, თუმცა ინსტიტუციონალური პროცესი ჯერ კიდევ ჩამორჩება იმ ახალ პოლიტიკურ ნებას, რომლის გამოხატვაც ახლა ხდება. პროცესის შეუქცევადობის განცდა შეიძლება ნაადრევი იყოს, მაგრამ ის სასიამოვნოა.

რეგიონი სერიოზულ სამუშაოს უქადის პოლონეთის პრეზიდენტობას. ვერავინ დაადანაშაულებს ვარშავის ჩინოვნიკებს და პოლიტიკოსებს თუკი ისინი ვერ შესძლებენ სასწაულის მოხდენას და ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებას, როგორებიცაა ბელორუსი და უკრაინა.

ჩემი სერიოზული შეშფოთების საგანი საქართველოა, რომელიც სულ უფრო უგულვებელყოფილია. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ევროპული დიპლომატიით ქვეყანას ბევრი ვერაფერი გაუკეთა. მან იმედი გაუცრუა პოლონელებს, აღაშფოთა გერმანელები და ბევრ ყოფილი მხარდამჭერი ქვეყნის სიმპათია დაკარგა.

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც საქართველოს ლიდერი ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის რეფორმატორი ნებიერა იყო, რომელიც ერთი ხელით კორუფციას ანადგურებდა, მეორეთი ინფრასტრუქტურას აშენებდა და გამოყოფილ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში მცხოვრები ადამიანების ლოიალურობის დაბრუნებას „რბილი ძალის“ გამოყენებით ცდილობდა.

საქართველოს მიღწევები მაშინ მართლაც გადაჭარბებული იყო და ახლა იმის საფრთხე არსებობს რომ მათ უსამართლოდ შებღალავენ. რამდენიმე კვირის წინ, ოპოზიციის საპროტესტო აქციებთან გამკლავება ამ მხრივ სამაგალითო იყო (მსხვერპლი იმ ავტოკოლონის უგუნურ მართვას მოჰყვა, რომლითაც აქციების ლიდერი გადაადგილდებოდა). ხელისუფლებამ ბევრი რამ ისწავლა 2007 წლის ნოემბერთან შედარებით, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმები მისთვის მიუღებელი მაუწყებლების სტუდიებში გააგზავნა. ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების პრეტენზიის მიუხედავად, საქართველო დიქტატურა არ არის. ეკონომიკამ გასაოცრად დაძლია ომი და მისი დანგრევის ბევრი სხვა მცდელობა, რეგულარული აფეთქებებისა და მედიის ცილისმწამებლური კამპანიის მიუხედავად. თუკი თქვენ თავისუფალ ბაზარზე, კანონიერ მმართველობასა და მრავალპარტიულ გარემოზე წარმატებული ისტორია გსურთ, საქართველოს შემდეგ ასეთი სამხრეთ-კორეაა.

საქართველო დაგვიანებით, მაგრამ მაინც უბრუნდება გონივრულ თანამშრომლობას რუსეთის ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკებთან: გამარტივებული სავიზო რეჟიმი და ღირსეული უმაღლესი განათლების შეთავაზება ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის კრემლის პროპაგანდას არყევს. რუსეთის მიერ რეგიონის წარუმატებელი მართვისა და იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომ იქ არსებული დაძაბულობა შეიძლება ვულკანივით ამოიფრქვეს, პროდასავლური ქვეყანა რომელიც ცდილობს სტაბილურობის, კეთილდღეობისა და კარგი მეზობლური ურთიერთობების კულტივირებას, უფრო მეტ დაფასებას იმსახურებს.

ისინიც კი ვინც საქართველოს პრეზიდენტს მის შეცდომებს (მათ შორის იმპულსურობას, მისი მრჩეველების უვარგის არჩევანს და საკუთარი სურვილებისადმი დათმობას) ვერ პატიობენ, არ უნდა დასაჯონ მთელი ქართველი ხალხი მათი ლიდერის ხარვეზების გამო, თუკი მაგალითად რუსეთი სავიზიო ლიბერალიზაციის რეჟიმს საქართველოზე ადრე მიიღებს, ეს ნამდვილი სკანდალი იქნება.

წარსულში ევროკავშირის უყურადღებობას საქართველოს მიმართ ამერიკის სიყვარული აბალანსებდა, მაგრამ როგორც ეს აშშ-ს წარმავალმა თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა გასულ კვირას განაცხადა, აშშ-ს ვალდებულება ევროპის მიმართ იცვითება იმ ტვირთის გამო, რომელიც მას სავარაუდო პარტნიორების აპათიის, სიძუნწისა და გულგრილობის სახით აწევს. საქართველო ალიანსის წევრი არ არის, მაგრამ საკუთარ ტვირთს კმაყოფილებით და შესანიშნავად ატარებს (ალბათ შვედეთივით, თუმცა ეს სხვა ისტორიაა), თუმცა ეს შეიძლება მომავალში არ აღმოჩნდეს საკმარისი შეერთებული შტატების ყურადღების შენარჩუნებისთვის.

საქართველოს უგულვებელყოფა წააქეზებდა რუსეთს, რომელსაც უყვარს იმაზე ფიქრი, რომ შეუძლია ევროპასთან გარიგება ამ არაკომფორტული პატარა ქვეყნების ზურგს უკან. არ ღირს ამ საძაგელი პრეცედენტის დამკვიდრება.

ორიგინალი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100