სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წერეთელი: პრეზიდენტმა ყველა თავისი ლეგიტიმური უფლება უნდა გამოიყენოს

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნებიდან 20 დღის ვადაში, პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა ქუთაისში უნდა გაიმართოს. თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ახალი პარლამენტის შენობა სახიფათოა და სხდომა შესაძლოა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში ჩატარდეს.

ამ ეტაპზე, უცნობია კონკრეტული თარიღი მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა კონკრეტულად როდის ჩატარდება, მაგრამ პოლიტიკური ძალები სხდომისთვის უკვე ემზადებიან.

ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობა“ კრიტიკულ და აქტიურ ოპოზიციონერობას აანონსებს, ახალი ხელისუფლება კი, მათ ოპონირებას აპირებს.

საკანონმდებლო ორგანოს გარშემო არსებულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, "პრესა.ჯი" „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი წერეთელს ესაუბრა:

"პრესა.ჯი": სხდომის თეატრში შესაძლო ჩატარებაზე, რას ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“?

გიგი წერეთელი: ჩემს კომპეტენციაში პარლამენტის მშენებლობის საკითხები არ შედის, მაგრამ 26 მაისს პლენარული სხდომების დარბაზი სრულიად მზად იყო და არ მგონია, რომ სხდომის გამართვა რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს.

რაც შეეხება კაბინეტებსა და სხვა ოთახებს, ვიცი, რომ ამ დრომდე, სარემონტო სამუშაოებო მიმდინარეობს და მშენებლობა დასრულების ფაზაშია.

- თუ ახალი მთავრობა კონსტიტუციას არ დაარღვევს, სხდომას ქუთაისში ჩაატარებს, მაგრამ არა პარლამენტის ახალ შენობაში, არამედ თეატრში, თქვენი პასუხი რა იქნება?

- ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, მაგრამ ტყემელაძემ თქვა, რომ თეატრში სხდომის ჩატარება იუმორი იქნებაო. სხდომის ჩატარება დარბაზში თუ ვერ ხერხდება, რაიმე გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მაგრამ 26 მაისის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და დარბაზს ვინ გააფუჭებდა თუ არა, პირიქით გააუმჯობესებდა?

თუ ვინმეს შეგნებულად არ უნდა, რომ სხდომა ახალ შენობაში ჩატარდეს, ეს სხვა საკითხია. ვფიქრობ, რომ კოალიცია სპეციალურ წინააღმდეგობას არ გაწევს.

- „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თბილისში საკანონმდებლო ორგანოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ისევ გადმოტანაზე საუბრობენ. თქვენ რა პოზიცია გაქვთ?

- ხელისუფლება რიგ საკითხებს წყვეტს და პასუხისმგებლობასაც იღებს. პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილება მივიღეთ არა იმისთვის, რომ ვინმეს პერსონალურ კომფორტზე გვეფიქრა, არამედ იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება დეცენტრალიზაციისა და რეგიონის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენ იმიტომ ვართ ოპოზიციაში, რომ ახალ ხელისუფლებასთან ბევრ ფუნდამენტურ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით. გადმოტანა-არგადმოტანის საკითხზე კი, გადაწყვეტილებას კოალიცია მიიღებს, მაგრამ ჩვენ პოზიციას გავაპროტესტებთ და საკითხის განხილვაში აქტიურად ჩავერთვებით.

- კოალიციის ზოგიერთი წარმომადგანელი როლანდ ახალაიას უფლებამოსილების ცნობას არ აპირებს. ეს საკითხი, გახდება თუ არა, ეს დაპირისპირებების საბაბი?

- მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებს საქართველოში ტრანზაციისა და ტრანფორმაციიის პროცესი თუ რამდენად სწორად მიდის. ამ რეგიონში, ხელისუფლების გადაცემის პროცესი პირველი პრეცედენტია და ეს აქამდე არასოდეს მომხდარა.

მინისტრობის კანდიდატები ახლა გამართულად რომ გამოდიან და ამა თუ იმ საკითხზე თავისუფალდ საუბრობენ, მათ ის უნდა გაიხსენონ ხელისუფლება ჩვენ როცა ჩავიბარეთ, რა დაგვხვდა.

როცა ისინი კარგად გამართულ უწყებებში მიდიან და ბიუჯეტის პრობლემა არ ექნებათ, სჯობს, იმაზე იფიქრონ, რომ ეს ყველაფერი იოლი არ იყო. ამასთან, ივანიშვილის განცხადებას მივესალმები, რომ ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა არ იქნება.

რაც შეეხება უფლებამოსილების საკითხს, კონსტრუქციულობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ვიღაცას უფლებამოსილება თუ უნდა შეუჩერონ და ვიღაცას არა, მაშინ არჩევნები რა არის? უმრავლესობას თვალში თუ ვინმე არ მოსდის და ამიტომ, მის უფლებამოსილებას არ ცნობს, ეს დაუშვებელია.

- პრეზიდენტი გუბერნატორებს ნიშნავს, მაგრამ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მალე გუბერნატორები უფუნქციოდ დარჩებიან...

- კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ ვცდებით და პრეზიდენტმა ყველა თავისი ლეგიტიმური უფლება უნდა გამოიყენოს, მათ შორის გუბერნატორების დანიშვნაც. ამიტომ, ამ საკითხის გარშემო კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს. თუმცა, შეიძლება კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით, რაღაც მოსაზრება ჰქონდეთ და გამოთქვან, მაგრამ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს და ამისთვის როგორც ოპოზიცია - ვიბრძოლებთ.

- როგორ ფიქრობთ, ახალი ხელისუფლება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის მიზნით, კონსტიტუციაში ცვლილებებს განახორციელებს?

- პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით, პირველი ნაბიჯები ჩვენ გადავდგით და ოპოზიციური უფლებები გავზარდეთ, რომელიც კონსტიტუციურ გარანტიებს ეხებოდა.

ამ გარანტიების შენარჩუნებას როგორ მოახერხებენ, ვნახავთ. ახალ ხელისუფლებას დემოკრატიაზე პრეტენზია აქვს და ვნახავთ, ჩვენ უფლებამოსილებას თუ გაზრდიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100