სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რასმუსენს იმედი აქვს, რომ ჩიკაგოს სამიტის ტექსტში საქართველო აისახება

ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს იმედი აქვს, რომ "ჩიკაგოს სამიტზე მისაღებ ტექსტში საქართველოში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი აისახება".

ამის შესახებ რასმუსენმა ბათუმში საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რომ ჩვენი საქართველოში ვიზიტი ჩიკაგოს სამიტისთვის მოსამზადებელი პერიოდის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ეს მოსამზადებელი პერიოდი ჯერ არ დაგვისრულებია. იქამდე 6 თვეა და შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. ჯერ-ჯერობით პროგრამაზე მუშაობა არ დაგვისრულებია, არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ნატო-ს მოკავშირეები, რა საკვირველია, საქართველოს საკითხს განიხილავენ. აქ უბრალოდ იმაზეა ლაპარაკი, რა და როგორი ფორმით მოხდება. ჩვენ დიალოგს სამიტამდე გავაგრძელებთ. იმედი მაქვს, რომ ტექსტი, რომელიც ჩიკაგოს სამიტზე იქნება მიღებული, იმ პროგრესს ასახავს, რომელიც ჩვენ საქართველოში რეფორმების განხორციელების კუთხით ვნახეთ. ეს არის პროგრესი, რომელსაც ჩვენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებიდან გამომდინარე ვხედავთ", - განაცხადა რასმუსენმა.

შეგახსენებთ, რომ 9-10 ნოემბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100