სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტყის კვირეულის“ ფარგლებში აჭარაში სატყეო სააგენტოს ტრეინინგ ცენტრი გაიხსნა

“ტყის კვირეულს“ ამჯერად, ზღვისპირა ქალაქმა უმაპინძლა. ბათუმში, კვირეულის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს ტრეინინგ ცენტრის (მის: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 51) გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. სატყეო სააგენტოს ბაზაზე პირველად რეგიონში შეიქმნა ტრენინგ ცენტრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის განვითარებისათვის. ეკოლოგიაზე ზრუნვა, ცნობადობის ამაღლება, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების მიმართულებით მუშაობა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. აქვე უნდა გამოვყოთ მაღალმთიანი აჭარა, სადაც ჩვენ მნიშვნელოვანი სატყეო ფონდი გვაქვს, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს მეტი პროექტი, უნდა გადამზადდნენ დარგის სპეციალისტები.ოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით განვითარებას,“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ა/რ უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ჯემალ ნაკაშიძემ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა გიორგი სანადირაძემ. ღონისძიებაზე თითოეული მუნიციპალიტეტიდან 5 საუკეთესო მეტყევე გამოვლინდა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს,აჭარის სატყეო სააგენტოს, WWF-ისა და სხვა ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებიც.

ტრენინგ ცენტრი შეიქმნა და აღიჭურვა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის-WWF-ის მიერ განხორციელებული პროექტის ,,ტყის ეკოსისტემების მდგრადი გაუმჯობესება ადაპტური მართვის მეშვეობით“ ფარგლებში.

გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ დააფინანსებული სამწლიანი პროექტი 2015 წლის იანვარში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდება.პროექტის მთავარი მიზნებია ტყის მართვის ხარისხის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებების მიმართ ტყის მედეგობის გაზრდა, აჭარაში ტყეების ინვენტარიზაცია და მოსახლეობის მიერ შეშის ენერგოეფექტური გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

2016 წელს 12 აგვისტოს – აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრისი რესურსების სამმართველოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ორ უწყებას შორის აღნიშნულ საკითხებზე კოორდინირებულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ამავე დღეს, საკონსულტაციო საბჭოს აჭარის ტყეების ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური შეფასების საბოლოო ანგარიშის სამუშაო ვერსია წარედგინა. განხილულ იქნა, როგორც ტყეების ეკონომიკური შეფასების შედეგად მიღებული მაჩვენებლები, ასევე რეკომენდაციები ტყის მართვის კუთხით. დასასრულს, მოეწყო მეტყევეების მცირეწლოვანი შვილების დაჯილდოვება, რომლის დროსაც მათ გადაეცათ მადლობის სიგელები მამების დამსახურებისთვის. სპეციალურად პატარებისთვის გაიმართა შემეცნებით-გასართობი პროგრამა.

2016 წელს, „ტყის კვირეული“ პროექტის “სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)“ ფარგლებში იმართება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მსოფლიო ბანკის, WWF და IUCN-ის ხელშეწყობით, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელარუსში, უკრაინასა და რუსეთში.

შეგახსენებთ, რომ „ტყის კვირეულმა“ სტარტი, 3 დეკემბერს, მზიურში აიღო, სადაც გაიმართა ფოტო-გამოფენა და წარმოდგენილი იყო ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები. მისულ სტუმრებს უმასპინძლეს მოხეტიალე მხატვრებმა, მეგვირგვინეებმა, ილუზიონისტმა, ოჩოფეხებიანმა კლოუნებმა. ასევე, მოეწყო ხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.

„ტყის კვირეული“ წელს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობასაც მოიცავდა. 4 დეკემბერს, „ტყის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა „გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის“ პრეზენტაცია. ასოციაციის დაფუძნების ინიციატორები არიან პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) კავკასიის წარმომადგენლობა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების და სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები. კვირეული 10 დეკემბერს დასრულდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100