თიბისი ბანკი სტიქიით დაზარალებულებულ ფიზიკურ პირებს სესხების დაბრუნებას აღარ მოსთხოვს
თიბისი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა სესხების ანულირება, რაც ნიშნავს, რომ 13 ივნისს დაზარალებულებს, რომლებიც აღრიცხული არიან ქ.თბილისის მერიის მიერ შედგენილ ოფიციალურ სიაში, აღარ მოუწევვთ თიბისი ბანკში არსებული სესხების დაბრუნება.
მოგეხსენებათ, თიბისი ბანკმა სტიქიის პირველივე დღეებში დაზარალებულთათვის შექმნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიში და მასში პირველი ჩარიცხვის შემდეგ, აქტიურად დაიწყო თანხების მობილიზება. მოქალაქეებთან ერთად, დაზარალებულთა დასახმარებლად თიბისი ბანკმა 1 მლნ ლარზე მეტი შეკრიბა. დღეს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ეს თანხა ქ. თბილისის მერიის სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება, რათა უზრუნველყოფილი იქნას დაზარალებულთა სისტემური დახმარება. ამასთან, თიბისი ბანკი აქტიურად მიადევნებს თვალს დაზარალებულთა დახმარების პროცესს და მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელებაში.
„ბოლო დროს იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ელის დაზარალებულთა სესხებს. ჩვენი გადაწყვეტილება თიბისი ბანკში არსებული სესხების ანულირების შესახებ, ვფიქრობ, დაეხმარება მათ, კონცენტრაცია თავისი ყოველდღიურობის აღდგენაზე მოახდინონ, დროულად შეძლონ რეაბილიტაცია და დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს,“- განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ქურდიანმა.
თიბისი ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე თანხა 300-ზე მეტმა იურიდიულმა და 5000-მდე ფიზიკურმა პირმა ჩარიცხა.
კომენტარი