სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. რა ღონისძიებებია დაგეგმილი?

საქართველოს კულტურის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საბოლოო პროგრამას აქვეყნებს. სამინისტროს განცხადებით, 26 მაისი წელს განსაკუთრებულად აღინიშნება. თბილისთან ერთად სადღესასწაულო ღონისძიებებში 11 ქალაქია ჩართული: ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ამბროლაური, მცხეთა, თელავი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი, რუსთავი და ბათუმი.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, თვითმმართველი ქალაქების ადმინისტრაციებისა და ქ. თბილისის მერიის ორგანიზებით, 2014 წლის 26 მაისი დიდი სახალხო ზეიმი იქნება, რომელში მონაწილეობაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება.

12 ქალაქი დამოუკიდებლობის დღეს ერთიანი სცენარით აღნიშნავს. გადაკეტილ პროსპექტებზე არსებული კაფე-ბარები მოაწყობენ სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვას; პირველი გიმნაზიის წინ "ყვავილების ზეიმის" ღონისძიება გაიმართება, ხოლო ოპერის წინ მხატვრები განლაგდებიან; პროსპექტზე ივლიან პანტომიმისა და სხვადასხვა თეატრების მსახიობები. მოძრაობის თეატრი მცირე პერფორმანსებს დადგამს. მთავარ გამზირზე ბავშვებისთვის გასართობი ცენტრები მოეწყობა.

რუსთაველის გამზირზე განთავსდება სამინისტროების კარვები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან საინფორმაციო და გასართობი კუთხით. კულტურის სამინისტროს კარვებში მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა. რუსთაველის გამზირზე მისულ სტუმრებს საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული ოსტატები მასტერკლასებს ჩაუტარებენ (თიხის ხელით ამოყვანა, ქარგვა, ბატიკა და ა.შ.).

დედაქალაქში წარმოდგენილი იქნება ორი მთავარი სცენა: პარლამენტის წინ და ევროპის მოედანაზე, სადაც 12:00–21:00 საათების შუალედში წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება.

ამავე სცენებზე მოეწყობა 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების ფინალური კონცერტები, სადაც გამოვლენ ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები.

15:00 საათზე გაიმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფიცის მიღების ცერემონიალი: 1. იროკეზების გადაფრენა; 2. წვევამდელების შემოსვლა თავისუფლების მოედანზე და განლაგება სტუმართა ტრიბუნის წინ; 3. სახელმწიფო ჰიმნი; 4. ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა; 5. ფიცის დადების ცერემონია (190 წვევამდელი); 6. დროშების ფლეშმობი სამხედრო ორკესტრის თანხლებით; 7. კონკურსის "ჩემი ჯარისკაცი" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

18:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გალა კონცერტი გაიმართა. 21:00 საათზე სადღესასწაულო ღონისძიებების დასასრულს შესრულდება ჰიმნი და 12-ვე ქალაქში ერთდოულად გაისვრიან სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ ფოიერვერკებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100