ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია სამეგრელოდან გააქციეს
კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელ ვიზიტს სამეგრელოს სოფლების მოსახლეობა ცივად შეხვდა, ერთ-ერთ სოფელში კი მილიარდერს “კრემლის დამქაში” უწოდეს და მიხეილ სააკაშვილის სახელის სკანდირებით დახვდნენ.
ბიძინა ივანიშვილთან ერთად სოფლებში კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანიაც იმყოფებოდა. ორივე შეხვედრა სხვადასხვა სოფელში ხანმოკლე იყო და კოალიციის ლიდერებს სამეგრელოს დატოვება მოკლე დროში მოხდათ, ისე რომ წინასწარ დაგეგმილი სხვა შეხვედრების ჩატარება ვერ მოახერხეს.
„ქართულმა ოცნებამ“ ტრადიცია დაარღვია და ივანიშვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გაუვრცელებია. თავდაპირველად მილიარდერს მხოლოდ მისი კუთვნილი ტელეკომპანიისა და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენლები ახლდნენ თან, თუმცა, მოგვიანებით შეხვედრის ჩატარების ადგილი სხვა ჟურნალისტებისთვისაც გახდა ცნობილი.
პირველი შეხვედრა სოფელ ოდიშში შედგა, სადაც მოსახლეობის გაღიზიანება 20- ლარიანი საწვავის ვაუჩერების დარიგებამ გამოიწვია. ზოგიერთი იმან გააღიზიანა, რომ ვაუჩერები მხოლოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა მიიღეს, ზოგმა კი ეს ფაქტი შეაფასა, როგორც მოსყიდვის მცდელობა.
შეხვედრა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ადგილობრივთა უკმაყოფილების ზრდა გამოიწვია ალასანიას რეპლიკამ, რომელმაც შეხვედრაზე მისულებს “ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებლები” უწოდა. ამის შემდეგ ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა სოფელ ორულუში გადაინაცვლეს, სადაც ასევე ინციდენტი მოხდა.
მოგვიანებით, მილიარდერის კუთვნილმა ტელეკომპანია “მეცხრე არხმა” გადასცა კადრები, სადაც ინციდენტი იყო ასახული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შეხვედრაზე “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და საკრებულოს წევრები იყვნენ მობილიზებული, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება შეხვედრებში რაიმე სახით მონაწილეობის ფაქტს უარყოფს. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ინციდენტის მიუხედავად, სამეგრელოში შეხვედრები გაგრძელდება და ზუგდიდში დიდი მიტინგიც ჩატარდება.
კომენტარი