სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგონების წინდაცვეთა საქართველოში შესაძლოა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს

პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, გოგონების წინდაცვეთა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ქმედება გახდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, აუცილებელია, ეს წესი საქართველოში სასწრაფოდ აღმოიფხვრას.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ნაბიჯი - მათ შორის, საკანონმდებლო გადაიდგა ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხში ასაყვანად. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით. იმედი მაქვს, რატიფიცირება ახალი პარლამენტის ფარგლებში მოხდება, სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავამატეთ ახალი მუხლი, რომელიც ეხება ქალის გენიტალიების დამახინჯებას.

თუკი ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს, იქნება ცალკე მუხლი, რომ გოგონების ე.წ. წინადაცვეთა გახდეს სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი.

სამწუხაროდ, არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში. არის სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოში, მათ შორის, აფრიკის კონტინენტზე, სადაც გოგონები ასე სახიჩრდებიან და ჩვენ გვინდა, საქართველოში ის რამდენიმე მაგალითი, რაც ორ თუ სამ სოფელში არსებობს, სასწრაფოდ აღმოიფხვრას“, - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100