„ხიდისთავს შევკრათ პირობა“ ანუ, ნატოს გენმდივანს 8 ნოემბერს სიმღერითაც მიანიშნებენ
ჩიკაგოში მომავალ წელს დაგეგმილ ნატოს სამიტამდე ცოტა ხნით ადრე ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ალიანსის წევრ 28 ქვეყნის ელჩთან ერთად 8 ნოემბერს თბილისში ჩრდილოანტლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება, საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს კი ბათუმში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე ზოგიერთი ახლადგაპოლიტიკოსებული პირის სკეპტიკური პროგნოზების მიუხედავად, ჩრდილოანტლანტიკური ალიანსი მსოფლიოს საკმაოდ მკვეთრ გზავნილს აძლევს: საქართველო ნატოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ პარტნიორად რჩება. ჩიკაგოში დაგეგმილ სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ ელიან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას.
თავად ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ „ჩიკაგოს სამიტზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯები აუცილებლად იქნება“. ჩიკაგომდე ჯერ თბილისია და საქართველო ნატოს გენმდივნისა და ალიანსის წევრი ქვეყნების დასახვედრად საგანგებოდ ემზადება.
ასეთ დროს საინტერესოა ვიზიტის არაოფიციალური ნაწილიც, რომელიც ხშირად არანაკლებ საინტერესო და მინიშნებებით სავსე რიტუალია, ვიდრე ოფიციალური შეხვედრები. თბილისში ნატოს გენმდივნისა და სხვა მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტის არაოფიციალურ ნაწილს რუსთაველის თეატრის ორი დარბაზი უმასპინძლებს. ერთ-ერთ მათგანში თეთრ და წითელ ფერებში გადაწყვეტილ მაგიდებზე 2.500 ვარდი იქნება განაწილებული ისე, რომ შორიდან საქართველოს დროშის ვირტუალური ეფექტი შეიქმნას.
სტუმრებს განახლებულ „ქეთო და კოტეს“ წარმოუდგენენ. სცენაზე იქნებიან სხვა ქართველი ხელოვანებიც. რა თქმა უნდა, რეპერტუარი სუფთა ქართულია - ის, რითიც ვამაყობთ და რაც დღემდე იმპერიებთან ბრძოლაში - როგორც მურმან ლებანიძე ერთგან ამბობს, „სისხლის წამოხველებით“ მოგვიტანია. საგულისხმოა, რომ მინიშნებები ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ნების შესახებ ხალხურ სიმღერებშიც იქნება. მაგალითად, გიორგი უშიკიშვილი თავისი განუმეორებელი ხმით იმღერებს „ჩაკრულოს“ და მას ბანს სხვა მომღერლებიც მისცემენ. „ჩაკრულოს“ ტექსტის პირველი სიტყვები ყველაზე ნათლად გამოხატავს დღევანდელი საქართველოს განწყობასა და ინტერესებს, რადგან იგი ასე იწყება:
„ხიდისთავს შევკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ჩავუხტეთ მუხრანბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია!“ –
რა თქმა უნდა, სიმბოლიზმი სიმბოლიზმია და, სინამდვილეში საქართველო არავის ჩახტომას არ აპირებს, მაგრამ ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავების, მასთან „ხიდისთავს პირობის შეკვრის“ სურვილი ამ სიმღერითაც გამჟღავნდება, მით უმეტეს, რომ სიმღერაში ეს სიტყვებიცაა:
„დამჩაგრე, მტერო, არ ვტირი!
ტირილი დიაცთ წესია,
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,
მაგრამ არ დამიკვნესია!“ –
სავარაუდოდ, „ჩაკრულოს“ ამ სიტყვებს ანდერს ფოგ რასმუსენს საგანგებოდ უთარგმნიან, ნატოს გენმდივანს კი, რომელიც, რა თქმა უნდა, შორს არაა დოპლომატიისგან, შესაბამისი დასკვნების გაკეთება არ გაუჭირდება.
მერე რა, რომ „ჩაკრულოს“ საქართველოში ბევრად უფრო ადრე მღეროდნენ, სანამ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი შეიქმნებოდა - სიმბოლოები პოლიტიკაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ...
კომენტარი