სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკი იუსტიციის სახლებში სიახლეს ნერგავს

იუსტიციის სახლებში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისების საფასურის გადახდა განაცხადის მიმღებ ოპერატორთან საბანკო პლასტიკური ბარათით შეუძლიათ. სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს იუსტიციის სახლს, საჯარო რეესტრსა და თიბისი ბანკს შორის ხელი უკვე მოეწერა. ინიციატივის შედეგად, მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით კიდევ უფრო გამარტივდა.

საჯარო რეესტრის სერვისების მიმართულებით მომუშავე თითოეული ოპერატორის სამუშაო მაგიდაზე თიბისი ბანკის პოსტერმინალია განთავსებული, რაც მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის. 140 პოსტერმინალი თბილისის იუსტიციის სახლს თიბისი ბანკმა გადასცა. სიახლის დანერგვისთვის საჭირო პროგრამული კომპონენტი კი საჯარო რეესტრმა უზრუნველყო.

„ახალი, ინოვაციური პროექტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადგილზევე გადაიხადონ საჯარო რეესტრის მომსახურების ხარჯი, მაგალითად, როგორიც არის, ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციის საფასურები. ამ სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის (ვიზა, მასტერკარდი, ჩაინა უნიონ ფეი) საბანკო პლასტიკური ბარათის მფლობელს. ეს სერვისები ამ დროისთვის მოქმედებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში, ხოლო სულ მალე, მთელ საქართველოს მოიცავს, რათა მომხმარებლებმა პროცესები მარტივად გაიარონ, დაზოგონ დრო და თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ,“ - აცხადებს ნინო მასურაშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

მომსახურების საფასურის გადასახდელად მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში მდებარე ბანკის ფილიალებში მისვლა აღარ უწევთ. მათ შეუძლიათ, თანხა უშუალოდ ოპერატორებთან ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადაიხადონ.

„ეს არის „ერთი ფანჯრის“ პრინციპის სრულყოფისკენ მიმართული ინიციატივა, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო უზოგავს დროს და ფინანსური ოპერაციის შესრულება უხდება უშუალოდ ოპერატორთან, მას აღარ სჭირდება ბანკის ფილიალებში წასვლა და იქ რიგში ჩადგომა. ამ ეტაპზე მომსახურება დავნერგეთ ყველაზე დატვირთულ ფილიალებში დიდ ქალაქებში, მაგრამ ვგეგმავთ, რომ ის მთელი საქართველოს მასშტაბით გავავრცელოთ,“ - აცხადებს გივი აზაურაშვილი, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი.

მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობის საფუძველზე აღნიშნული მომსახურება ქვეყნის ყველა იუსტიციის სახლში უახლოეს თვეებში ამოქმედება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100