ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადება
დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას დარღვევების შესახებ, რომელიც ფიქსირდება ქვეყნის მასშტაბით, თუმცა არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ცალკეულმა შემთხვევებმა რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს შედეგებზე, საბოლოო ჯამი მშვიდად მიმდინარეობს პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ მძიმე პროვოკაციების მოწყობას.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, კომისიის თითოეულ წევრს, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს, თითოეულ დამკვირვებელს იმ მოთმინებისთვის, სწორად მუშაობისთვის და კანონის ჩარჩოში მოქცევისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.
ფიქსირდება კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წამომადგენლები მიდიან პროვოკაციებზე და რიგ შემთხვევებში არ ერიდებიან ბიულეტენების განადგურებასაც კი. კონკრეტულად, შემიძლია გითხრათ, რომ მარნეულის 29-ე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ანარ მამედოვმა ერთ-ერთ ამომრჩეველს ხელიდან გამოგლიჯა ბიულეტენი და გადახია. ეს პიროვნება თავად ასახელებს მიზეზს, რომ აღნიშნული ამომრჩეველი განმეორებით იყო მისული საარჩევნო უბანზე, თუმცა ეს მოხდა ყოველგვარი გადამოწმების და ფაქტის დადგენის გარეშე. ასეც რომ იყოს, მას არ შეუძლია, ეს არის მძიმე დარღვევა დაუხიოს ბიულეტენი, თუმცა, არც ის ფაქტი დასტურდება, რომ ეს ამომრჩეველი განმეორებით იყო მისული არჩევნებზე.
ასევე გვაქვს მცხეთის შემთხვევაც, სადაც მე-2 უბნის გადასატან ყუთთან აღმოჩნდა, როგორც ჩანს წილისყრის შედეგად, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როგორც ჩანს, რომ მიიღო მონაწილეობა წილისყრაში და ხმა მიაცემინა ამ ადამიანმა ისეთ ადამიანს, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იმყოფებოდა. ზოგადად, ამ დროის მონაცემებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს, თუმცა, მოგეხსენებათ არჩევნების საბოლოო შედეგები დამოკიდებულია ამომრჩევლის მაქსიმალურ აქტიურობაზე, ამიტომ მოვუწოდებთ ამომრჩეველს, იაქტიურონ დღის ბოლომდე, რვა საათამდე. ვფიქრობ, რომ შედეგი იქნება სასურველი ჩვენი ქვეყნისთვის და არჩევნები ჩაივლის დემოკრატუილად. აქ კითხვის ნიშნები არ იქნება.
კომენტარი