სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმის ბულვარის ახალი სიცოცხლე

ბათუმის ისტორიული ბულვარი სულ მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს. აჭარის მთავრობა 130 წლიანი ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომელიც მნიშვნელოვნად გააკეთილშობილებს ტერიტორიის ამჟამინდელ იერსახეს. ახალი ფერები, მეტი გამწვანება და მყუდრო სარეკრეაციო ზონები რუხი ასფალტის ნაცვლად - ეს არის ის ძირითადი მიმართულება რასაც კონცეფციის ავტორი, კომპანია Dreamland Oasis გვთავაზობს.

პროექტის მიხედვით, ბულვარში არსებული სამზოლიანი ხეივნი ორზოლიან სისტემაზე გადადის, თუმცა უცვლელი რჩება ბულვარის სქემატური ავთენტურობა. კერძოდ, აღნიშნული ხეივანის შუა ზოლში დაზიანებული ასფალტის 5200 კვ.მ-იან მონაკვეთს ლანდშაფტური ელემენტები ჩაანაცვლებს, რაც ბულვარში მწვანე საფარს 120%-ით გაზრდის.

კონცეფციის თანახმად, 1600 მეტრიანი ხეივანი სხვადასხვა თემატიკის სარეკრეაციო სივრცეებად დაიყოფა, რომლებიც ერთმანეთს გამავალი ბილიკებით დაუკავშირდება. მოეწყობა მზის საათის მოედანი, პლანეტების სკვერი, იაპონური ბაღი, ე.წ. ცეცხლის ზონა, დაფნის ლაბირინთი და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა ასაკის დამსვენებელზე იქნება გათვლილი. აქვე განთავსდება, მსუბუქი კონსტრუქციის ლანდშაფტთან ინტეგრირებული რამდენიმე კაფეც, რომელიც უკვე არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით დაპროექტდება.

“ბათუმის ბულვარის ახალი კონცეფციის ერთ-ერთი მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადამიანთა ნაკადების გადანაწილება მთელი ბულვარის ტერიტორიაზე,” ამბობს პროექტის ერთ-ერთი არქიტექტორი გიორგი ჯამარჯაშვილი. მისი თქმით, კონცეფციაზე მუშაობისას ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ტურისტულ სეზონზე შუა სამი ზოლის ჯამური დატვირთვა დაახლოებით 12-ჯერ ჩამოუვარდება ზღვისპირა პრომინადის დატვირთვას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხეივნების სიგანე 2-ჯერ აღემატება პრომინადის სიგანეს. ასევე, აღსანიშნავია, რომ სასტუმრო შერატონიდან დელფინარიუმამდე არსებული 700 მეტრიანი მონაკვეთი ფაქტიურად დაუტვირთავია მთელი წლის მანძილზე. ჯამარჯაშვილის თქმით, შუა ზოლის ათვისება ბულვარში ტურისტების ნაკადების გადანაწილებას და გაზრდას შეუყობს ხელს.

ბათუმის ბულვარის კონცეფციის პირველი სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაცია უკვე გაიმართა. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის აზრი, განსაკუთრებით კი ბათუმელების. სწორედ ამიტომ, ჩვენმა კომპანიამ, მეტი თვალსაჩინოებისთვის შექმნა ვიდეო რგოლი, რათა ყველასთვის მიგვეცა კონცეფციის აღქმის საშუალება,” აცხადებს კომპანია Dreamland-ის გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ გეგუჩაზე. “მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბულვარის ახალი კონცეფცია არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ტურისტთა ლოიალურობის ზრდას, არამედ ბათუმის ბულვარი გახდება ადგილი, სადაც თითოეული ბათუმელი აღმოაჩენს საკუთარ თავს.”

ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვარიანტის შემუშავებამდე საჯარო განხილვები მოეწყობა. მოსახლეობის შენიშვნების საფუძველზე პროექტი დამუშავდება და მისი საბოლოო პრეზენტაცია 2016 წლის მაისში გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100