ვლადიმირ ბედუკაძე: ეჭვი მაქვს, რომ კადრები სოლიდურ თანხად არის გაყიდული
მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციას ბრიუსელიდან ვლადიმირ ბედუკაძე გამოეხმაურა. მედიაპორტალ „ნიუს.ჯი“-სთან ინტერვიუში მან პრესკონფერენციას „უნიჭო სპექტაკლი“ უწოდა და განაცხადა, რომ „უფრო ნიჭიერი რეჟისორი უნდა აეყვანათ“.
„სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ჩემსა და „ობიექტივს“ შორის დაპირისპირებაში გადაიტანეს, ასე არ უნდა მომხდარიყო“, - ამბობს ბედუკაძე და აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება ამ დროისთვისაც არ არის დაცული.
„ირმა ინაშვილი მირეკავდა და ახორციელებდა მუქარას ტელეფონით. მეუბნებოდა, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებოდი და არ გავჩუმდებოდი, საქმეს გამიფუჭებდა. როცა ადვოკატს ვკითხე, რა შეიძლებოდა ეგულისხმა ინაშვილს, მან მითხრა, რომ სავარაუდოდ, ინაშვილი მოძებნიდა ვინმეს, ვინც ჩემზე ცუდს ილაპარაკებდა და ჯალათად გამომიყვანდა, რაც ხორციელდება კიდეც“, - ამბობს ბედუკაძე.
მისი თქმით, ვარაუდობს, რომ ციხის სკანდალის კადრები სოლიდურ თანხად არის გაყიდული, თუმცა, დეტალებს არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ყველაფრის თქმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
„თუ გაყიდული არ არის, რანაირად მოახერხა ამ კადრების მოპოვება, საიდან გაჩნდა მის ანგარიშზე დიდი ფული, რისი ეჭვიც მაქვს...“,- აცხადებს ბედუკაძე და აფსურდს უწოდებს ირმა ინაშვილის თეზას იმის თაობაზე, რომ ეს იყო თავად ჟურნალისტის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ის 2 წლის განმავლობაში ახორციელებდა:
„რა სისულელეა... ამ ქალს თავი მოსადის დირექტორი ჰგონია თუ „ფე-ბე-ერის“? კოდური სახელწოდებაც გვითხრას ბარემ ამ ოპერაციის“, - ამბობს ბედუკაძე. მისი თქმით, ბრიუსელში გიორგი ფოფხაძეს გიორგი ლომიას რეკომენდაციით დაუკავშირდა, რომელმაც აუხსნა, რომ სწორედ და მხოლოდ ფოფხაძეს უნდა შეხვედროდა, რომელიც კადრების გახმაურებაში დაეხმარებოდა. ბედუკაძის განცხადებით, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა იმის თაობაზე, რომ გიორგი ფოფხაძე „ობიექტივთან“ იყო დაკავშირებული.
„კადრების გავრცელება არჩევნებს შემთხვევით არ დამთხვევია, საქმეც ეგ არის... შემთხვევით არაფერი ხდება. ჩემი მიზანი სულ სხვა რამე იყო და ამას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ უნდა დადებოდა. გამოძიების საქმეა და მან უნდა დაადგინოს, თუ რა კონკრეტული მიზანი ამოძრავებდა ამ პოლიტიკურ ძალას“, - აცხადებს ბედუკაძე.
„ნიუს.ჯი“-ს ჟურნალისტის შეკითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხვდა კადრები „მეცხრე არხის“ და „მაესტროს“ ეთერში, ბედუკაძე ასე პასუხობს:
„მეცხრე არხს“ კადრები გიორგი ფოფხაძემ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით გაუგზავნა, რაც შეეხება „მაესტროს“, წარმოდგენა არა მაქვს, იქ როგორ მოხვდა“.
ინტერვიუში არის ასეთი კითხვა-პასუხი:
-თქვენი დავალებით გადაიღეს თუ არა დანარჩენი ვიდეოები?
-კი, ბატონო, ჩემი დავალებით გადაიღეს.
-ამბობთ, რომ არ იცოდით, თუ ეს მასალები „ობიექტივში“ მიდიოდა? საზოგადოებისთვის ცოტა გაურკვეველია თქვენი დაპირისპირება...
-არანაირად არ ვიცოდი, რომ „ობიექტივში“ მიდიოდა. „ობიექტივის“ მიზანი ამ საქმეში სულ სხვა იყო და არა ის, რა შედეგიც დადგა. ეს აუცილებლად გაირკვევა. მათ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ და მე გამომიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის. ვის უნდა მოწმე, რომელმაც სიმართლე იცის?
-ირმა ინაშვილის განცხადებით, თქვენ იმყოფებით საეჭვო ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც დაკავშირებული არიან სააკაშვილის და მერაბიშვილის გარემოცვასთან.
-სააკაშვილის და მერაბიშვილის გარემოცვას თვითონ არის დაკავშირებული ინაშვილი და „ობიექტივი“ - პირდაპირი მნიშვნელობით. დაკონკრეტებისგან ჯერ თავს შევიკავებ. ჩემი მიზანი იყო, გამომეტანა სააშკარაოზე ის, რაც ხდებოდა საპყრობილეებში, „ობიექტივმა“ კი ეს გამოიყენა პოლიტიკური მიზნებისთვის. აშკარად ვეღარ მალავენ უკვე: ზოგს მინისტრობა უნდა, ზოგს ტელევიზიის დირექტორობა, ზოგს რა და ზოგს რა...
ამ ადამიანებმა ისეთ დღეში ჩამაგდეს, ისე გამწირეს ოჯახიან-მეგობრებიანად, რომ მათი პატიება წარმოუდგენელია, თუმცა, არავის ვემუქრები. მე მჯერა, რომ ბელგიის ხელისუფლება განიხილავს ჩემს საკითხს.
პროცესი მიმდინარეობს ჩემი სახელით სააკაშვილის, ზოდელავას, ახალაიების წინააღმდეგ და მის უკან გამოთხოვას არ ვაპირებ. ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ ისეთ ადამიანს დავუკავშირდი და ვენდე, რომელმაც მიღალატა. მაგრამ მე არც იმის მეშინია, რომ საქართველოში ჩამოვიდე, რადგან მჯერა, რომ მალე ხალხი გაიგებს, რა მოხდა სინამდვილეში.
კომენტარი