სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში ნეპოტიზმი ყვავის

ნეპოტიზმი რუსეთში გაფურჩქვნის სტადიაშია. მთელი რიგი თანამდებობები აქ მემკვიდრეობით გადადის. მინისტრების და მაღალჩინოსნების შვილები მნიშვნელოვან თანამდებობს მსხვილ სახელმწიფო კომპანიებსა და ბანკებში იკავებენ. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი „ლა ტრიბუნ“ წერს.

გაზეთს სერგეი ივანოვი უმცროსის მაგალითი მოჰყავს, რომელიც ყოფილი კაგებეს თანამშრომლის, პირველი ვიცე–პრემიერის და პუტინის მეგობრის, სერგეი ივანოვის შვილია. ის მცირე ხნის წინ „გაზრპრომბანკის“ მმართველობაში აირჩიეს. მისი უფროსი ძმა, ალექსანდრე ივანოვიც სახელისუფლო პოსტს იკავებს. ამგვარად დანიშნულთა სია კი სულ უფრო მატულობს – აღნიშნავს გამოცემა.

რუსეთში, ფაქტობრივად, მოდად გადაიქცა საკუთარი შვილების მსხვილი სახელმწიფო ბანკების ხელმძღვანელებად დანიშვნა, ასევე, საკუთარი ქონების და ფინანსური აქტივების მეუღლეების სახელზე გაფორმება. რუსი ჩინოვნიკების მთელი არმია, რომელსაც გაზეთი „პუტინის გვარდიას“ უწოდებს, ნელ–ნელა და მშვიდად, ქმნის ახალ ნომენკლატურას, რომელიც უკვე მთელ ეკონომიკას არის მოდებული.

ასეთ ტენდენციას, სუსტ წინააღმდეგობას უწევს დიმიტრი მედვედევი, თუმცა რეალურად, ეს მაინც ზღვაში წვეთია, სინამდვილეში კი, პრეზიდენტის არცერთი ქმედება, პუტინს და მის ჩინოვნიკებს, ნეპოტიზმსა და კორუფციაში ხელს საერთოდ არ უშლის. საკუთარი შვილები ჰყავთ დანიშნული თანამდებობებზე ასევე ნიკოლაი პატრუშევს, „ფეესბეს“ დირექტორს ალექსანდრე ბორტნიკოვს, მიხეილ ფრადკოვს და სხვებს. მოკლედ, რუსული იმპერია კვლავ ძველებური, შუა საუკუნეებში ჩარჩენილი მეთოდებით იმართება და, ყველაფრიდან ჩანს, რომ ისეთ ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსავალი არსად ჩანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100