ავლაბარში მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახის საგანგებო განცხადება
გულგრილობა გამოძიების მხრიდან, გაჭიანურებული სასამართლო სხდომები, ცილისწამება გარდაცვლილის მისამართით და მკვლელის „საეჭვო“ მფარველები- ეს ის ძირითადი მესიჯებია, რომელიც დღეს პია.ჯი-ს პესკლუბში ავლაბარში სასტიკად მოკლული რეჟისორის დაჩი დარჩიას დედამ და მეგობრებმა გააჟღერეს.
გარდაცვლილის ახლობლების ძირითადი მოთხოვნა სამართლიანი სასამართლო პროცესი და ინფორმირებულობაა, რისი უფლებაც მათ კანონით გააჩნიათ, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მათ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა უწევთ. დარჩიას ოჯახი და მეგობრები ასევე აღშფოთებულნი არიან დაცვის მხარის მიერ მკვლელობის მოტივად მოკლულის მიერ მკვლელისთვის სექსუალური კავშირის შეთავაზების დასახელებით. გარდაცვლილის ახლობლები ამ ფაქტს ცილისწამებას უწოდებენ.
დაჩი დარჩიას დედა ლილი შეყრილაძე: ვითხოვთ სამართლიან გამოძებას და იმ ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდას რასაც ჩემს მოკლულ შვილს აბრალებენ. ის არ ეყოთ რომ შვილი მომიკლეს ახლა ჩირქს სცხებენ მის სახელს. მე როგორც დედა, ამაყი ვარ ჩემი შვილის განვლილი გზით, ამიტომაც ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან ასეთი ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებას სჯობს საქმეს მიხედონ და დანაშაულის ნამდვილი მოტივი დაადგინონ.
საქმე ისე ჭიანურდება, მე უფრო მიმძაფრდება ეჭვი, რომ მკვლელს ვიღაც სერიოზული პირი მფარველობს. აბა რა გახდა ამდენი გამოსაძიები და გასაჯანჯლებელი. მე შვილი მომიკლეს, ისეთი შვილი, რომელზეც მთელი ქალაქი თბილად და კარგად საუბრობს, ასეთი შვილის დედას კი უფლებაც არ მაქვს რამე მოვთხოვო გამოძიებას.
დღემდე არაა ამოღებული „სქაი ბარ“-თან მდებარე „ბაზის ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ვიდეოკამერები, რომელიც ბევჯერ მოვითხოვეთ ეჩვენებინათ. უკვე 5 თვე გავიდა და გამოძიება ერთ ადგილს ტკეპნის. ვთხოვთ სასამართლოს და სახელმწიფოს, რომ ჩატარდეს ობიექტური, სამართლიანი გამოძება. გთხოვთ მე და ჩემი შვილის ახლობლებსა და მეგობრებს კიდევ ერთხელ ნუ გვკლავთ ამ გაურკვევლობითა და კითხვის ნიშნებით, რომელიც ამ საქმეს ადევს.
დაჩი დარჩიას მეგობარი ნუკრი დიღმელაშვილი: სასამართლოში გამომძიებელთან მიმავალები, უკან ბევრჯერ გამოვუბრუნებივართ და უარი უთქვამთ შეხვედრაზე, განცხადება ბევრჯერ დავწერეთ, რომ იქ მდებარე ბანკების ვიდეო კამერის ჩანაწერები გვენახა, თუმცა უშედეგოდ.
ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს დაკითხვისას, ერთ-ერთმა გამომძიებელმა უამბო თუ რა ხდებოდა ერთ-ერთ ვიდეო-მასალაში, რის შემდეგაც მოვითხოვეთ რომ ეს ვიდეო მასალა ეჩვენებინათ, პასუხად ჯერ ჩანაწერის არსებობა უარყვეს, შემდეგ კი მოწმე დაიბარეს პროკურატურაში და შეურაცხყოფა მიაყენეს, აიძულეს გადაეთქვა რაც ილაპარაკა. არადა მანამ ეს მოწმე მყარად იდგა თავის პოზიციაზე, ამბობდა, რომ მას მართლაც უთხრეს თუ რა ხდებოდა ერთ-ერთ ვიდეო მასალაში. (თავს შევიკავებთ იმის თქმისგან, თუ რა ჩანს ვიდეოში, რაც ჩვენც გადმოცემით ვიცით და იმედს ვიტოვებთ რომ ამ ვიდეოს ოდესმე ვნახავთ).
ვითხოვთ მიუკერძოებელ გამოძიებას! ჩვენ არ გავჩერდებით! ამიტომაც სასამართლოს მხრიდან ყოველ არასწორ ქმედებაზე გვექნება რეაქცია, რომელსაც აუცილებლად გავაჟღერებთ.
შეგახსენებთ რომ რეჟისორი და დიჯეი დაჩი დარჩია 30 აგვისტოს „სქაი ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. მკლელობაში ბრალდებული მიხეილ გრძელიშვილი სამართალდამცველებმა იმ ღამესვე დააკავეს. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა როგორც დაზარალებული მხარე აცხადებს მიკერძოებით და ბევრი საეჭვო ვითარების ფონზე, რაც არამხოლოდ ოჯახის, არამედ საზოგადოების შეშფოთებასაც იწვევს.
აღსანიშნავია, რომ დაჩი დარჩიასა და ბოლო პერიოდში დაღუპული ადამიანების ისტორიები სოციალურ ქსელსა და პირად საუბრებში ხშირად განიხილება, რადგან მკვლელობა დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას უკვე საკმარისი მიზეზია საზოგადოებაში დაუცველობის შეგრძნებისა და შიშის ჩასანერგად, მკვლელების არასათანადოდ დასჯა და გაურკვეველი პირების მიერ მათი მფარველობა კი ხალხს პანიკაში აგდებს, რადგან დაუსჯელობის სინდრომი ქვეყანაში კრიმინალის ზრდის მთავარი წინაპირობაა.
კომენტარი