ცნობილთა ცხოვრებიდან: როგორ აუღო ინტერვიუ რუსმა ჟურნალისტმა „უკარება“ სერგო ზაქარიაძეს
ცნობილია, რომ გენიალური ქართველი მსახიობი, სერგო ზაქარიაძე მაინცდამაინც არ სწყალობდა ჟურნალისტებს. პირდაპირ ვთქვათ - ისინი არ უყვარდა და თითქმის ყოველთვის უარს ამბობდა ინტერვიუს ჩაწერაზე. „ჯარისკაცის მამამდეც“ პოპულარული იყო, მაგრამ ამ ფილმში მთავარი როლის შესრულების შემდეგ სრულიად სსრკ-ში მისი პოპულარობა განუზომლად გაიზარდა. შესაბამისად, სხვადასხვა საკავშირო გამოცემები, ძირითადად, პოპულარული საბჭოთა ჟურნალ-გაზეთები, მასთან ინტერვიუს ჩაწერას დიდი მონდომებით ცდილობდნენ და თბილისში ჟურნალისტს ჟურნალისტზე აგზავნიდნენ, მაგრამ სარედაქციო ხარჯები მივლინებებზე იხარჯებოდა, ინტერვიუ კი არ ჩანდა.
სერგო ზაქარიაძესთან ინტერვიუს ჩაწერა ერთმა პრესტიჟულმა ჟურნალმაც გადაწყვიტა. რედაქტორის ყველა მცდელობა, წინასწარ ტელეფონით შეთანხმებოდა მსახიობს ინტერვიუზე და შემდეგ უკვე ჟურნალისტი მიევლინებინა საქართველოს დედაქალაქში, წარუმატებლად დასრულდა. რედაქტორი ჯიუტი კაცი გახლდათ და ფარ-ხმალი არ დაუყრია: ერთ დღესაც თავისთან რედაქციის ყველაზე გამოცდილი ჟურნალისტი, ვადიმი იხმო.
დავალება მოკლე, კონკრეტული და რედაქტორისეული ტონით ნათქვამი იყო: „არ ვიცი, როგორ მოახერხებ, მაგრამ უნდა მოახერხო, თბილისში წახვიდე და სერგო ზაქარიაძესთან ინტერვიუ ჩაწერო“. ჟურნალისტს, რა თქმა უნდა, კარგად მოეხსენებოდა, რა კერკეტი კაკალიც იყო ქართველი მსახიობი. დავალების შესრულებაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ჩვეულებრივ მოვლინებაზე მეტი დრო ითხოვა, რათა რედაქტორის დავალება შეესრულებინა. რედაქტორი დათანხმდა და ორკვირიანი მივლინება გამოაწერინა.
„მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, გამომივიდოდა თუ არა, მაგრამ შინაგანმა ხმამ მითხრა, რომ მე შევძლებდი, ამიტომაც, უყოყმანოდ დავთანხმდი“, - იხსენებდა ჟურნალისტი მოგვიანებით.
თბილისში წამოსვლამდე ერთი დღით ადრე ვადიმმა გადაქექა თითქმის ყველაფერი, რაც სერგო ზაქარიაძეზე საბჭოთა პრესაში დაწერილა: შეისწავლა მისი ბიოგრაფიის დეტალები, ბავშვობის წლები, ჰობი. როცა ჩათვალა, რომ უკვე საკმარისი ცნობები დააგროვა, თბილისს გადაფრინდა.
ვადიმი სასტუმროში დაბინავდა, მაგრამ სერგო ზაქარიაძესთან დაკავშირებას არ ჩქარობდა. კარგად ახსოვდა შეგროვილ ცნობებში ამოკითხული, რომ მსახიობი ფეხბურთის დაუცხრომელი ქომაგი იყო და საყვარელი გუნდის, თბილისის „დინამოს“ არცერთ თამაშს არ აცდენდა. სწორედ მაშინ შეიმუშავა მან გეგმა, რომლის განხორციელებასაც აპირებდა. ამაში ხელს ხანგრძლივი მივლინებაც უწყობდა.
ვადიმმა გაარკვია, რომ თბილისში მისი ყოფნიდან მეოთხე დღეს „დინამოს“ სტადიონზე სსრ კავშირის პირველობის მორიგი ტურის მატჩში თილისის „დინამო“ საშინაო მატჩს ატარებდა. გეგმის დანარჩენი დეტალები ფეხბურთს უკავშირდებოდა და მხოლოდ მოხერხებულობასა და ცოტა იღბალზე იყო დამოკიდებული: ვადიმმა კარგად იცოდა, სად ცხოვრობდა სერგო ზაქარიაძე. მეზობლებთან რამდენჯერმე გასაუბრების შემდეგ ისიც გაარკვია, რომ მსახიობი ფეხბურთის ბილეთს მუდამ თვითონ ყიდულობდა - თამაშის დღეს. ვადიმი მსახიობს სახლთან დაუდარაჯდა და უჩუმრად აედევნა. მსახიობი ჟურნალისტს არ იცნობდა და ეჭვიც არაფერზე აუღია: ისინი ერთად მივიდნენ სტადიონის სალაროსთან, ჟურნალისტი სერგო ზაქარიაძის შემდეგ იდგა რიგში და ბილეთიც მის გვერდით ერგო.
გეგმის მთავარი ნაწილი შესრულებული იყო: სტადიონზე, მთელი საათნახევრის განმავლობაში ჟურნალისტი მსახიობის გვერდით იჯდებოდა. ვადიმმა უკვე იცოდა, რომ თბილისის „დინამოს“ აქტიური ქომაგის როლი უნდა ეთამაშა. ბედის ირონია ის გახლდათ, რომ ვადიმი მოსკოვის „ტორპედოს“ გულშემატკივარი იყო, იმ დღეს კი „დინამო“ „ტორპედოს“ ხვდებოდა.
„როცა თამაში დაიწყო, ჩემს ცხოვრებაში პირველად და, იმედია, უკანასკნელად, ვევედრებოდი ღმერთს, რომ გოლი „ტორპედოსთვის“ კი არა, მისი მოწინააღმდეგე გუნდისთვის გაეტანინებინა“, - ღიმილით იხსენებდა ჟურნალისტი მოგვიანებით.
ჟურნალისტს გაუმართლა: თამაში „დინამოს“ აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. სერგო ზაქარიაძე მოედანზე შექმნილ ყველა სახიფათო სიტუაციაზე ტიპიური გულშემატკივრის მსგავსად რეაგირებდა. მას არ გამოპარვია მის გვერდით მჯდომი ახალგაზრდა, სლავური აღნაგობის მამაკაცი, რომელიც მასავით იქცეოდა, ანუ „დინამოს“ ყველა შეტევას არფრთოვანებით ხვდებოდა, „ტორპედოს“ შეტევებზე კი ზამბარასავით იკუმშებოდა და ფრჩხილებს იკვნეტდა. რასაკვირველია, ზაქარიაზეს აზრადაც არ მოსვლია, რომ მამაკაცი „დინამოს“ გულშემატკივრის როლს თამაშობდა: მისთვის ის იყო რუსი, რომელიც „დინამოს“ გულშემატკივრობდა და რომელიც სტადიონზე მანამდე არ ჰყავდა შემჩნეული.
ვადიმის გეგმა სწორედ ამ „კოზირზე“ იყო დამყარებული: სერგო ზაქარიაძე აუცილებლად უნდა გამოლაპარაკებოდა რუსს, რომელიც თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვედრის დროს „დინამოს“ გულშემატკივრობდა. გეგმამ გაამართლა: სერგო ზაქარიაძე პირველივე ტაიმში მიუბრუნდა ვადიმს და მისი ვინაობით დაინტერესდა, უკვე შესვენებაზე კი ვადიმმა მას წინასწარ მომზადებული „ლეგენდა“ უამბო იმის შესახებ, რომ უკვე რამდენი წელია, „დინამოს“ გულშემატკივრობს და როცა მივლინება თამაშის დღეს დაემთხვა, სტადიონზე სიხარულით მივიდა. რა თქმა უნდა, ჟურნალისტს არც თავისი სამუშაო ადგილი დაუსახელებია სწორად და არც პროფესია: მან თავი გეოლოგად გაასაღა.
მეორე ტაიმში „დინამომ“ გოლიც გაიტანა და აღტაცებული სერგო ზაქარიაძე გულშეკუმშულ, მაგრამ გარეგნულად „მოზეიმე“ ვადიმს გადაეხვია. თამაში „დინამომ“ მოიგო. სერგო და ვადიმი სტადიონიდან ერთად წამოვიდნენ. სერგო ზაქარიაძე იმდენად კარგ ხასიათზე იყო და იმდენად მოხიბლა ახალგაზრდა, ერუდირებულმა, რაც მთავარია, „დინამოს“ გულშემატკივარმა „გეოლოგმა“, რომ იგი სახლში, „თითო ჭიქა კარგ კონიაკზე“ მიიპატიჟა. „იმ დღეს ყველაფერში გამიმართლა, ჩემი საყვარელი გუნდის წაგებაც კი ჩემი გამართლება იყო“, - სიცილით იხსენებს ჟურნალისტი.
სერგო ზაქარიაძის სახლში, სახელდახელოდ გაწყობილ სუფრასთან, ვადიმმა მხოლო მესამე ჭიქა „კარგი კონიაკის“ შემდეგ გაამხილა, რა პროფესიის იყო და როგორ დასახა სერგო ზაქარიაძესთან ინტერვიუს ჩაწერის გეგმა. „ჯერ ჭიქა შეეყინა ხელში და მოიღუშა, ვიფიქრე, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. მერე ჭიქა მაგიდაზე დადგა, ფეხზე წამოდგა, წარბები გაიხსნა, ჯერ გაიღიმა, მერე ხამამაღლა გამიცინა, მოვიდა და გადამეხვია. კარგა ხანს მიტყაპუნებდა ზურგზე ხელს და ეს ჩემს ჟურნალისტურ პრაქტიკაში ყველაზე ამაღლებული და ამაღელვებელი წუთები იყო“, - იხსენებდა რუსი ურნალისტი.
რამდენიმე დღეში „ოგონიოკში“ ვრცელი, საოცრად ადამიანური და თბილი ინტერვიუ დაიბეჭდა სერგო ზაქარიაძესთან...
კომენტარი