სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე – ბიძინა ივანიშვილი..."

დრონი.ჯი გთავაზობთ ექსპერტ თემურ ავალიანის წერილს სახელწოდებითმე-ბიძინა ივანიშვილი

მე – ბიძინა ივანიშვილი, ჩემს მონა–მორჩილ პარლამენტარებთან ერთად შევთანხმდით...

ამ სიტყვებით გადაუარა ბატონმა ივანიშვილმა და მის მიერ შერჩეულმა საკონსტიტუციო კომისიის „ქართული ოცნების“ წევრებმა საქართველოს, მის კონსტიტუციას მის ხალხს, მის ისტორიას და კულტურას, მის მომავალს და მის ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფ დემოკრატიას, იმ ახალი შესწორებების პროექტით, რომელიც კონსტიტუციაში უნდა შევიდეს.

გზა დიქტატურისკენ კონსტიტუციით გარანტირებული იქნა.

ჩვენ საბოლოოდ ვრწმუნდებით იმაში, რომ 2012 წელს დღევანდელმა ხელისუფლებამ, ისარგებლა რა ძველი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებით, გაიმარჯვა არჩევნებში და ამ ხუთი წლის მანძილზე ჩამოყალიბდა როგორც მოძალადე, ერთი პიროვნების მიერ მართული ხელისუფლება, რომლისთვისაც ხალხის აზრი არაფერს წარმოადგენს და ქვეყანა კატასტროფისკენ მიჰყავს.

სასაცილოა დემოკრატიაზე, კონსტიტუციაზე და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსზე ლაპარაკი, როცა საქართველოს ფაქტიურად მართავს (თუ ამას მართვა ქვია) ერთი პიროვნება – ბიძინა ივანიშვილი და სწორედ მისი ნება–სურვილის გათვალისწინებით კეთდება ყველაფერი და იმართება დღეს XXI საუკუნეში ჩვენი დიდი ისტორიის და კულტურის მქონე ქვეყანა.

ვინ არის დღეს ბიძინა ივანიშვილი – უგვირგვინო მეფე, მეფისნაცვალი, საქართველოს და ქართველი ხალხის ფულით შემსყიდველი თუ იმპერიის მორიგი სატრაპი?

– სისხლიანი რეჟიმის დამამხობელი, საქართველოს გადამრჩენელი, ერის მამა, ჩვენი სინდისი და ნამუსი, ილია ჭავჭავაძე – გვიმტკიცებს მისი ახლო გარემოცვა, ფულით მოსყიდული, კომუნისტური ეპოქის ინტელიგენციის ნარჩენები, თეატრისა და კინოს მუშაკები, ადამიანები, რომლებიც მისგან ყოველთვიურ პენსიებს იღებენ, ასევე ფულზე გაყიდული საინფორმაციო საშუალებები, ტელევიზიები და მათი ჟურნალისტები, „ქართული ოცნების“ მიერ საჯარო სამსახურში დანიშნული პირები, რომლებიც ხელფასთან ერთად პრემია–დანამატებს ახლა უკვე ოფიციალურად იღებენ.

– ქვეყანა დაინგრა, ეკონომიკა აღარ არსებობს და ის ძირითადად საზღვარგარეთ მოჯამაგირედ მომუშავე ქალების გზავნილებზე და შემოსულ ტურისტთა რაოდენობაზეა დამოკიდებული, მოსახლეობის 70% უმუშევარია და მათი ძირითადი ნაწილი სიღატაკეში ცხოვრობს. ქვეყანა მსოფლიოს ქვეყნების იმ პირველ ხუთეულშია, სადც ცხოვრების საარსებო მინიმუმი ყველაზე დაბალია. გვაქვს გაფასიურებული „მოციმციმე“ და „მცურავი“ სახელმწიფო ვალუტა, იზრდება ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე, წამლებზე, სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებზე, რომლის ძირითადი ნაწილი იმპორტულია. თითქმის 40%–ით გაიზარდა ფასები ბენზინზე და გადააჭარბა კიდეც ძველი ხელისუფლების დროს არსებულ ფასებს, მაშინ როცა ბარელი ბენზინი მსოფლიო ბაზარზე დღეს, მაშინდელთან შედარებით, 3–ჯერ იაფია.

ხელისუფლება აღარ მალავს, რომ მოსალოდნელია ფასების ზრდა ელექტროენერგიაზე, გაზზე...

ჩვენს განათლებულ და დღე–მუდამ „ხალხზე მზრუნავ“ მთავრობას უნდა ვკითხო – რამდენი ლარია ხალხის პენსიის 180 ლარის დღევანდელი ექვივალენტი იმ 150 ლართან შედარებით, რომელიც ძველმა ხელისუფლებამ დატოვა?

საკუთარ ხელფასებს ზრდიან, პრემია–დანამატების დაკანონებაზე ზრუნავენ, ხუთიათასიანი და ოთხიათასიანი ხელფასები არ ყოფნით და ხალხის 180 ლარიანი პენსიის მომატების არავითარ პერსპექტივაზე არ ფიქრობენ.

უმწეო, გაჭირვებულ, გაღატაკებულ ხალხს 60 ლარიან სოციალურ დახმარებებს უხსნიან...

აი თურმე რა ყოფილა ის ქართული ოცნება, რომლის ალმით ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა.

კაცმა, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, აშენებული სახელმწიფო ინსტიტუტები დაანგრია და დაიმორჩილა, ყველა სახელმწიფო მოხელე, მოსამართლე, პროკურორი მონებად გაიხადა „მაყურებლები“ დაუნიშნა ყველა სახელმწიფო უწყებას, პროკურატურას, სასამართლოს, ერთპიროვნული მმართველობა დაამყარა და ჩვეულებრივი დიქტატორი გახდა, კაცს, რომელსაც გართულებები აქვს სხვადასხვა საგნებზე, ადამიანებზე, ცხოველებზე, ასწლოვან ხეებზე, რის გამო მთელი აჭარა–გურია გადათხარა და ხეებს ზღვაში აცურავებს, კაცმა რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხალხი „გადააგდო“ და არ შეასრულა მიცემული დაპირებების 80%, – ერის გადამრჩენელს, ბრძენს და უჭკვიანეს ადამიანს, ილია ჭავჭავაძეს ეძახით. ხოლო ვინც არშემდგარი ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსა, სახელმწიფო ინსტიტუტები ააშენა, გაატარა ძირეული რეფორმები და თავიდან შექმნა არმია, პოლიცია, დაიწყო ეკონომიკის სწრაფი ზრდა და ათჯერ გაზარდა სახელმწიფოს ბიუჯეტი და პენსიები, მოსპო კრიმინალი და კორუფცია, გაზარდა მსოფლიოში ჩვენი პატარა ქვეყნის ცნობადობა და ის მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი გახადა, გაალამაზა ბევრი ქალაქი და შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის შესაფერისი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომლითაც თავს იწონებს დღევანდელი ხელისუფლება და შემოსულ ტურისტებს ითვლის – გიჟად მონათლეთ, ქვეყნიდან გააძევეთ და საქართველოს მოქალაქეობა წაართვით.

აი ასეთი სტანდარტებია დღეს გამეფებული საქართველოში იმ ცხრაწლიან „სისხლიან რეჟიმზე“ და ამ ხუთწლიან „ოქროს ხანაზე“, რომელიც საქართველომ ამ 14 წელიწადში გაიარა.

არ არის საკამათო და სადაო, რომ წინა ხელისუფლებამ იმ დიდ რეფორმებთან ერთად, რომელიც მიმდინარეობდა დაჩქარებული წესით, ქვეყნის რუსეთის აგრესიისგან გადასარჩენად და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაერთიანებლად, დაუშვა შეცდომები, რომლებიც ტრაგიკული აღმოჩნდა ცალკეული პიროვნებების და იმ ოჯახების მიმართ, რომელთა სიცოცხლე შეიწირა ან დააზარალა ამ უსამართლობამ. მაგრამ, როგორც განვლილმა ხუთმა წელმა გვიჩვენა, ეს ტრაგიკული აღმოჩნდა მთელი ქართველი ხალხისთვის, მთელი ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის. ტრაგედია აღმოჩნდა იმ პოლიტიკოსებისთვისაც, რომლებიც მაშინ მართავდნენ ქვეყანას – მათი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო ნაწილი ქვეყნიდან გადაიხვეწა.

მე არ მინდა ძველი ხელისუფლების ადვოკატის ან მედიატორის როლი ვიკისრო და რაღაც ანალიზით გავამართლო ის უსამართლობა, რომლის გამო ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლით აგეს პასუხი. მაგრამ ჩვენი უახლესი ისტორიის ჭრილში მინდა მოკლედ გამოვთქვა ჩემი პირადი აზრი ამ შეცდომებზე.

2004 წელს, როცა წინა ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოვიდა, საქართველოს ორი რეგიონი, ისე როგორც დღეს, ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ და ამ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდებოდა. იყო ამ ადგილებიდან 250 ათასამდე იძულებით გადაადგილებული უსახლკარო მოსახლეობა. ქვეყანაში სუფევდა სრული ქაოსი და ანარქია, არ მუშაობდა არცერთი სახელმწიფო საწარმო და იყო მასიური უმუშევრობა. ჩამოშლილი იყო სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად მოშლილი იყო ეკონომიკა. სახელმწიფო ბიუჯეტი სულ 800 მილიონი ლარი იყო. არ გაიცემოდა ის სიმბოლური პენსიაც კი, რომელიც მაშინ არსებობდა. ყვაოდა კორუფცია და კრიმინალი. ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრდებოდა მთავრობის ახლო გარემოცვა და ისინი თავიანთ ბიზნესებს აწყობდნენ. დღისით – მზისით, გამოსასყიდის მიზნით, ქუჩაში იტაცებდნენ ავტომანქანებს და ადამიანებს, იყო მასიური დაყაჩაღებისა და მკვლელობის უამრავი ფაქტი. თითქმის არ არსებობდა სასამართლო, პროკურატურა, ხოლო შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები ზოგჯერ თვით იყვნენ დანაშაულის მონაწილენი. დიდ პატივში იყვნენ „კანონიერი ქურდები“ და ისინი მაღალი დონის საქმეებსაც კი „არჩევდნენ“.

მოსახლეობას დიდი შეფერხებით მიეწოდებოდა ელექტროენერგია და გაზი, გაღატაკებული და მშიერი ხალხი საზღვარგარეთ გარბოდნენ მოჯამაგირედ (ფაქტიურად მონებად) საკუთარი და თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლის გადასარჩენად...

ამ პირობებში 2004 წელს მოსულმა ხელისუფლებამ განახორციელა ის წარმატებული ღონისძიებანი, რომლებიც ზემოთ იყო აღნიშნული.

როგორც განვითარებადი და მაშინდელ ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების ისტორია გვასწავლის, ეს რთული და ხალხში არაპოპულარული ღონისძიებები და რეფორმები, რომლებიც მიმდინარეობს როგორც ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნის, ისე ახალი საზოგადოების, ახალი ადამიანის ჩამოყალიბების პარალელურად, ყოველთვის იწვევს ხალხის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილებას, მათ გარკვეულ პროტესტს. ხშირია შემთხვევები, როცა ხელისუფლება ვერ ახერხებს ზომიერად, სამართლიანად, ხალხზე ზიანის მიუყენებლად აკონტროლოს ეს რთული პროცესები.

ამაში ჩვენი ქვეყანაც ვერ გახდა გამონაკლისი...

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში ხდება პუტინის რუსეთის მომძლავრება და გამოფხიზლება. პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას გეოპოლიტიკურ კატასტროფად აფასებს და ცდილობს რუსეთის იმპერიის ხელმეორედ შეკოწიწებას. მას აღიზიანებს და ძირეულად არ აწყობს მეზობლად, რეგიონში წარმატებული, „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული სახელმწიფოს არსებობა, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაერთიანებლად ემზადება. (ყოფილ საჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ბალტიისპირეთის გარდა, ეს პროცესები, რუსეთის გავლენით, ჯერაც არ არის დაწყებული, ხომ ვხედავთ რა ხდება უკრაინაში) იწყება საქართველოს მიმართ ძირგამომთხრელი, ქვეყნის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის და ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით კგბ–სთვის დამახასიათებელი პროცესები. რაც გამოიხატა ოპოზიციის გარკვეული ნაწილის და რეფორმებით განაწყენებული ხალხის გრძელვადიანი, გაუთავებელი, აგრესიული მიტინგებით და დემონსტრაციებით. ბოლოს კი კარვების გაშლით პირდაპირ პარლამენტის წინ, ქალაქის მთავარ პროსპექტზე.

ვინც პუტინს და მის პროფესიას იცნობს არ შეიძლება ამ პროცესებში კრემლის ხელი არ დაინახოს.

2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა, მიუხედავად პრეზიდენტ ბუშის დიდი მონდომებისა, 2008 წლის აპრილის ნატოს სამიტზე ბუქარესტში, ფაქტიურად შეაჩერა საქართველოსთვის „მაპის“ მიცემის თითქმის შეთანხმებული პროცედურა. გერმანიის კანცლერმა ქ–ნმა მერკელმა თავი არ დაზოგა, რომ სამიტისათვის შეეხსენებინა ნოემბრის მოვლენები და ამით როგორც შემდგომში გაირკვა, „მწვანე შუქი“ აუნთო პუტინს 2008 წლის აგვისტოში, უკვე ოფიციალურად, სამ ნაწილად დაეგლიჯა საქართველო (ალბათ ქ–ნმა მერკელმა სტალინის გამო სამაგიერო გადაგვიხადა?).

ასეთი მოვლენები და უკვე შემდგომში განვითარებული რთული პროცესები, რომელშიც აშკარად ჩანდა „ბოროტების იმპერიის“ მაორგანიზებელი როლი (მათ შორის 26 მაისის აგრესიულ მიტინგი), პოლიტიკაში გამობრძმედილ და მასში ღრმად ჩახედულ ადამიანებსაც კი გამოიყვანდა წონასწორობიდან. სწორედ ამის შედეგი იყო ის შეცდომები და გადაცდომები, რომლებიც შემდეგ ქვეყნის ახალგაზრდა ხელმძღვანელობამ დაუშვა და რის გამო მათ 2012 წლის არჩევნებში ხალხმა ნდობის მანდატი შეუჩერა.

როცა დღეს, თითქმის ხუთი წლის შემდეგ, დღევანდელი, ბიძინას ხელისუფლების უნარებს და შესაძლებლობებს ვხედავთ და ვისმენთ მათ გაუთავებელ რიტორიკას იმ „სისხლიან ცხრა წელზე“, უნებურად ისმება ლოგიკური კითხვა – იარსებებდა დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა, მას რომ ის მემკვიდრეობა მიეღო, ის ომი და ჯოჯოხეთი გაევლო, რაც წინა ხელისუფლებამ გაიარა და პარალელურად განეხორციელებინა ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც მათ იმ ცხრა წლის მანძილზე განახორციელეს და ქვეყანა წუმპედან ამოიყვანეს?

მიუხედავად ამისა მათ ობიექტურად შეაფასეს ხალხის არჩევანი და 2012 წელს მშვიდობიანად, დემოკრატიულად, ყოველგვარი სახელისუფლებო რესურსის გამოყენების და გაყალბების გარეშე გადააბარეს ხელისუფლება და თითქმის აშენებული ქვეყანა, დიდი გეგმებით და პერსპექტივებით, დღევანდელ ხელისუფლებას. დღევანდელმა ხელისუფლებამ კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ქვეყანა განადგურებამდე მიიყვანა. მზადდება ნიადაგი ტოტალიტარული დიქტატურისკენ.

მართალია, აზრის გამოთქმისთვის და ღია კრიტიკისთვის დღეს ხალხს არ იჭერენ (იშვიათად შვილს შეიძლება ნარკოტიკი ჩაუდონ და დაიჭირონ), მაგრამ ხალხის აზრსაც არავინ უსმენს. ხალხი ცალკე ცხოვრობს, ხელისუფლება ცალკე. კეთდება ის, რასაც ბიძინა ეტყვის ხელისუფლებას და ეს მითითებები სრულდება უსიტყვოდ, ყოველგვარი „ჩაკითხვის“ გარეშე. არ შეიძლება შუშის სასახლეში, სოლოლაკის მთაზე გამოკიდებულ მილიარდელს ესმოდეს ყველაფერი ის, რაც მიწაზე ხდება, რითი სუნთქავს ხალხი, რა პრობლემები აქვს და როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაწყვეტა. (გადაცმული მაინც გამოიყვანეთ და ხალხში გაატარეთ, იქნებ მაშინ, იქნებ ცოტა მაინც დაინახოს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება).

ამიტომ, ქვეყანა თანდათან კარგავს ნორმალური ქვეყნის სახეს და ის სრული ქაოსის და ანარქიისკენ მიექანება. განუკითხაობამ, ძალადობამ და დაუსჯელობის სინდრომმა მოიცვა ქვეყანა, ისევ აყვავდა კორუპცია და ნეპოტიზმი. ძლიერდება კრიმინალური სამყარო, გახშირდა მკვლელობები. საფრთხე ექმნება ქვეყნის შიდა სტაბილურობას.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ერთგვარი მუზეუმი გახდა თბილისის მერია, სადაც ექსპონატების სახით წარმოდგენილია ყოველივე ის სიმახინჯე და მავნებლობა, რაც ახასიათებს დღევანდელ ჩვენ ცხოვრებას.

უპატრონოდაა მიტოვებული ქვეყნის მომავალი – ჩვენი ახალგაზრდობა, რომლის ბედი მეზღაპრე მინისტრის ჯეჯელავას ხელში აღმოჩნდა. ეს ნამდვილად „თან8ამდებობისთვის შეუფერებელი კაცი“ ყველაფერზე „ზრუნავს“ გარდა სწავლა–განათლებისა და ქვეყნის ახალგაზრდობის მომავლისა. ალბათ არც იცის რამდენ ახალგაზრდას უფულობის გამო შეუჩერეს სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. სამაგიეროდ კარგად ერკვევა ფარცხალაძის „უდანაშაულობაში“.

არსებობს აგრეთვე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომლის ფუნქციები, მოვალეობები და როლი ახალგაზრდობის აღზრდის საკითხებში ბევრისთვის გაურკვეველია.

ხალხის ნდობა დაკარგა და სრულიად პოლიტიზირებული გახდა სასამართლო და პროკურატურა. მათ ბედს მალე გაიზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. მათ მიერ საქმეების გარჩევა და განაჩენი დამოკიდებულია ერთი კაცის – ბიძინა ივანიშვილის სურვილზე და ხასიათზე – თუ დანაშაული მის გარემოცვას ეხება, ის საქმე „ჩაფარცხალაძდება“ და თაროზე შემოიდება. ხოლო ნაცების 9–წლიან „მოღვაწეობას“ „გულდასმით“ იხილავენ.

ყველა ვხედავთ რა უსუსურია პროკურატურა, თავისი „ჩანერგილი“ ჟურნალისტით, „ციანიდის საქმის“ მიმდინარეობისას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ წრეებს ეს საქმე საპატრიარქოს დისკრედიტაციისთვის დასჭირდა.

თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა თავისი ფუნქციები დაკარგა და ის დიქტატორის მორჩილებაში აღმოჩნდნენ. რიგითი მოქალაქე აქ ამაოდ ცდილობს თავის პრობლემებზე ილაპარაკოს და სიმართლეს მიაღწიოს. როგორც სიმართლე, ისე სინდის–ნამუსი დეფიციტი გახდა. სიმართლის ლაპარაკი ყალბმა რიტორიკამ შეცვალა.

ქვეყანაში დარჩა, თუ შეიძლება ითქვას ერთი უწყება – „რუსთავი–2“, სადაც ყველა გაჭირვებულმა, დაჩაგრულმა და უმწეომ თავისი პრობლემებით შეიძლება მიმართოს და ეცადოს მთავრობას თავისი ხმა მიაწვდინოს.

მაგრამ, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე მისი მთავრობა, პარლამენტი და სხვა სახელმწიფო ინსიტუტები ამ სატელევიზიო არხს არ უყურებენ, რადგანაც აქ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შუქდება.

ამიტომ ქვეყნის საბოლოო დასაბნელებლად და ხალხის „მოსაგუდად“ „რუსთავი–2“–ის განადგურებაა დღეს დიქტატორის მთავარი ამოცანა.

რაც შეეხება კონსტიტუციის შესწორებების „სახალხო განხილვას“, იგი XXI საუკუნის ქართველმა კომუნისტებმა XX საუკუნის საბჭოთა კომუნისტების სტილში ჩაატარეს და „ქართველმა ხალხმა ერთსულოვნად მოიწონა“ ეს პროექტი.

ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბიძინას მონა–მორჩილი და მის მიერ ტვინდაბლოკილი პარლამენტარები მდინარაძე, თალაკვაძე, ბესელია, ვოლსკი, ზარდიაშვილი, მათიკაშვილი, გოგიჩაიშვილი და სხვები, პარლამენტის თავმჯდომარის, პოლიტიკაში პირველკლასელის და მატყუარობაში შემჩნეული კობახიძის მეთაურობით. როცა კობახიძე აცხადებს, რომ ამ შესწორებებით მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია მივიღეთო – გვექმნება შთაბეჭდილება თუ რა დონის კონსტიტუციონალისტთან გვაქვს საქმე.

ივანიშვილმა მოახერხა ოპოზიციური სპექტრის დასუსტება, დაშლა–დახლეჩა და პოლიტიკურ სცენაზე თითქმის მარტო დარჩა. ეს პროცესი ჩვენთვის კარგად ცნობილ რუსულ სტილში წარიმართა და ოქტომბრის არჩევნებიც ამ სტილით ჩატარდა – არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლის. ამიტომ არც მომავალში რჩება რაიმე იმედი, რომ ეს ხელისუფლება არჩევნების გზით დათმობს ქვეყნის მართვას. გადახედეთ სტატისტიკას – „ქართულმა ოცნებამ“ 22 მილიონი ლარი დახარჯა არჩევნების ჩასატარებლად, რაც ორჯერ მეტია დანარჩენი პარტიების მიერ ერთად გახარჯულ თანხაზე. ბუნებრივია ეს ფული მარტო ბილბორდების და სააგიტაციო ბუკლეტების მომზადებაზე არ გაიხარჯა და იგი მიზნობრივად იქნა გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად და ხალხის მოსასყიდად. 100%–ით იქნა გამოყენებული აგრეთვე სახელისუფლებო რესურსი.

ასეთ დროს ქვეყნის გადარჩენის მთავარ ძალად რჩება ხალხი.

ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის „ქართული ოცნება“, რომელიც 2012 წელს ივანიშვილმა თავს მოგვახვია, არ არის ის ოცნება, რომელსაც ქართველი ხალხი ესწრაფვის. ჩვენ ძლიერი და ისტორიული ერი ვართ და ოცნებაც უფრო ლამაზი და რეალური შეგვიძლია.

ახლა არჩევანი ხალხზეა.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100