სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: ჩვენ ვაკეთებთ ბევრად უფრო დიდ რამეს, ვიდრე ფულია - მომავლის ქვეყანას (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი ახალი საავადმყოფო ამჯერად ცაგერში გახსნა და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვითაც მიმართა, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ქვეყნის მომავალზე ისაუბრა:

„ვინც რა უნდა თქვას, ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიდის. რა თქმა უნდა, არიან ისეთები, ვისაც ეს არ სიამოვნებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხან ერთი დროშის, ხან მეორე ლიდერის ქვეშ იკრიბებიან - ერთი და იგივე პიროვნებები, ერთი და იგივე, მოწყენილი და დაღვრემილი სახეები - პოლიტიკურად მუმიფიცირებულები, ვინც წლების განმავლობაში ჩააბნელა საქართველო, ხალხი, ვინც არამხოლოდ 90-იან წლებში, არამედ იმაზე ადრეც, ასწლეულების განმავლობაში ძარცვავდა საქართველოს, ვისთან შედარებითაც ყველა დანარჩენი იყო ღარიბი.

რა თქმა უნდა, ამ ხალხს არ სიამოვნებს აღმშენებლობა, ამ ხალხს არ სიამოვნებს, რომ ჩვენ ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურებს, რადგან ადრე დენი იყო მხოლოდ მათ ქუჩაზე;

ამ ხალხს არ სიამოვნებს სკოლების მშენებლობა და რეფორმები განათლების სისტემაში, რადგან მხოლოდ მათ შეეძლოთ, თავიანთი შვილებისთვის მასწავლებლები სახლში მოეყვანათ;

მათ არ სიამოვნებთ, მაგალითად, ინგლისური ენის სწავლების პროგრამა და კომპიუტერები, რადგან კომპიუტერებიც მხოლოდ მათ უნდა ჰქონოდათ და მხოლოდ მათ შვილებს უნდა ესწავლათ უცხო ენები;

მათ არ სიამოვნებთ ახალი საავადმყოფოების გახსნა, რადგან ადრე მხოლოდ რამდენიმე პალატა იყო თბილისში გარემონტებული და მხოლოდ მათ შეეძლოთ იქ მკურნალობა და დიაგნოსტიკური გამოკვლევის ჩატარება, ან საზღვარგარეთ წასვლა სამკურნალოდ;

მათ არ სიამოვნებთ ზოგადად, ქართველი ხალხი, არადა, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გაჭირვებულია. ამიტომ მათ წამოაყენეს ახალი ლოზუნგი, რომ გაჭირვებულ, უფულო ადამიანს არაფერი უნდა ეკითხებოდეს თურმე, პოლიტიკაში. თურმე, მხოლოდ მაშინ გეკითხება პოლიტიკაში რამე, თუკი მუცელი გაქვს გასიებული ხალხის გაჭირვებისას ნაშოვნი, საეჭვო გზით ნაშოვნი ფულით და თუ ბევრი ფული გაქვს მოპარული, მხოლოდ მაშინ შეგიძლია მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.

მე გეტყვით ახლა და გასკდნენ ბოღმით ისინი: საქართველოს მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც არიან ღარიბი ოჯახებიდან და ფული არ უშოვიათ მთავრობაში ყოფნით, რადგან საქართველოში ჩვენ არცერთ მოხელეს არ ვაძლევთ საშუალებას, ფული მოიპაროს.

და მათ, ალბათ, სულელები ვგონივართ და ფიქრობენ - როგორ შეიძლება, მთავრობაში არიან და ფულს არ აკეთებენ? ჩვენ ვაკეთებთ ბევრად მეტ რაღაცას, ვიდრე ფულია - ჩვენ ვაშენებთ ყველა ჩვენგანისთვის ახალ ქვეყანას.

რამდენი სახლი უნდა აიშენოს მინისტრმა, რომელიც ემჯობინება იმას, რომ ამ მინისტრმა თქვას - ავაშენეთ ოცი კეთილმოწყობილი საავადმყოფო? რა ფულით გადაიფარება ის სიამაყე, როცა ვინმეს შეუძლია თქვას - ავაშენეთ ასზე მეტი ახალი სკოლა? რა მანქანით უნდა იაროს ისეთით, რომელიც ემჯობინება თქმას - რამდენიმე ასეული კილომეტრი ახალი გზა გავაკეთეთ?

მათ არ სიამოვნებთ პარლამენტი ქუთაისში, იმიტომ, რომ ადრე ყველაფერი წყდებოდა თბილისის ერთ ქუჩაზე და მეტიც - თბილისის განვითარებაც არ სიამოვნებთ, რადგან ახლა არამხოლოდ თბილისის ცენტრი, გარეუბნებიც ვითარდება. იგივეა რეგიონებთან მიმართებაშიც.

ადრე ყველაფერი მარტივი იყო: ესენი ყველანი ცხოვრობდნენ ერთ ქუჩაზე, დენი ჰქონდათ მხოლოდ იმ ქუჩაზე, პარლამენტში ხალხს ირჩევდნენ იმ ქუჩიდან და ფული ჰქონდათ მხოლოდ იმ ქუჩაზე, - აი, ამ წარსულის დაბრუნება უნდათ ამ მუქთახორა, არაფრის მაქნის, ხალხის ხარჯზე გამომძღარ და გაქსუებულ ადამიანებს.

მაგრამ ისინი ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ: რა რუსული ფულითაც უნდა შეიარაღდე, რამდენ ხრიკსაც უნდა მიმართო, რამენი გაზეთიც უნდა იყიდო, რამდენი ტყუილიც უნდა ილაპარაკო - ჩვენი ხალხი არის იმდენად ჭკვიანი, რომ უკან დაბრუნება არ უნდოდეს, რადგან ხალხმა უკვე გაუგო გემო იმას, თუ რას ნიშნავს პროგრესი.

როცა არის არჩევანი სიბნელესა და სინათლეს შორის, სინათლე ყოველთვის იმარჯვებს;

როცა არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას, სახვანაირად საქართველო ვერ იარსებებდა;

როცა არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, რა ასაკისაც უნდა იყოს ადამიანი, იქნება ის ჩემი ასაკის, ბებიაჩემის თუ ჩემი შვილის, ყოველთვის, ყველა აირჩევს მომავალს, იმიტომ, რომ მომავალში ვხედავთ პერსპექტივას, ვხედავთ პროგრესს და მომავალი ეკუთვნის მომავალ თაობას, ჩვენს შვილებს...

გამოსავალი იმაში კი არ უნდა ვიპოვოთ, რომ ცალ-ცალკე გადავირჩინოთ თავი, ცალ-ცალკე, მხოლოდ ჩვენს ოჯახებში დავამარცხოთ სიღარიბე - ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ და არა ისე, რომ მხოლოდ მდიდრებმა და გაქსუებულებმა თქვან - მოდით, ახლა ღარიბები გვერდზე გავწიოთ და ჩვენ, მდიდრებმა, მოვილაპარაკოთ...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100