სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, უარს არ გეტყვით" - ნახეთ, რას აცხადებს პატრიარქი

მინდა ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, გაიღოს მოწყალება და შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა მრევლს, სრულიად საქართველოს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღე მიულოცა. ილია მეორემ წმინდა მღვდელმთავრის შესახებ იქადაგა, თუ რამდენად სასწაულმოქმედია და შემწეა მათი, ვინც წმინდა ნიკოლოზს თხოვნით მიმართავს.

,,წმინდა ნიკოლოზი იყო მოწყალე - მშობელია, მოწყალე მამაა, თავის ცხოვრებაში ყველა ადამიანს წმინდა ნიკოლოზის მოწყალება გამოუცდია. არ ყოფილა შემთხვეა, რომ არ აგისრულოს თხოვნა წმინდა ნიკოლოზმა. მოწყალეა, მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსულმანებსაც ეხმარება“ - განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქმა პირადად მასთან დაკავშირებული წმინდა ნიკოლოზის შემწეობის რამდენიმე ფაქტი გაიხსენა.

„საოცარი მოწყალეა. არ არის შემთხვევა, რომ ადამიანმა სთხოვოს და მან არ მიიღოს თხოვნა. მე მინდა, გავისხსენო ჩემი შემთხვევა. აკდემიაში ვსწავლობდი, ჩემთან სწავლობდა არქიდიაკონი ხარიტონი, დასავლეთიდან იყო, ბათუმში ჩამოვიდა ოთხშაბათ დღეს და მითხრა, რომ მიჭირს და დამეხმარეო. მე ვუთხარი, ყოველ ოთხშაბათს ვასრულებთ პარაკლისს წმინდა ნიკოლოზისა და სთხოვე-მეთქი წმინდა ნიკოლოზს და დაგეხმარება. იმ დღეებში ვხედავ სიზმარს - წმინდა ნიკოლოზი შემოსილია, ტახტზე ბრძანდება დაწოლილი, ხელი აქვს გამოწვდილი და მეფერება თავზე და მე მიხარია. ვეუბნები, ხარიტონი-მეთქი? - მპასუხობს წმინდა ნიკოლოზი, ხარიტონი ამოვიყვანე ორმოდან და მეტი რაღა გინდაო. უწმინდესმა ეფრემ მეორემ გაიღო მოწყალება და ის მიიღო ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, მღვდელ-მონაზონი იყო. თანდათან დაიმსახურა და გახდა არქიმანდრიტი. მთელი წლები წმინდა ნიკოლოზი წყალობდა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მე ვუთხარი მას, რომ წმინდა ნიკოლოზმა ამოიყვანა ორმოდან. იმის შემდეგ სულ ევედრებოდა. გარდაიცვალა, დაასაფლავეს ეკლესიის ეზოში. როცა გაგიჭირდებათ, სთოვეთ წმინდა ნიკოლოზს. წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით. ახლაც ამ რთულ დროს, მინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება და შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო" - განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100