ვინ აფინასებს „ქართულ ოცნებას?“ – კიდევ ერთი უკანონო მაქინაცია
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. როგორც სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფინანსური მონიტორინგის პროცესში საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გამოვლენილი იქნა პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემა.
კერძოდ, მოგელაძის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია “ქართუ მშენებელში” მომუშავე პირზე გაიცა უჩვეულოდ მაღალი პრემია, რომლის ნაწილიც შემოწირულობის სახით “ქართული ოცნების” ანგარიშზე ჩაირიცხა; მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია შპს “ქართუ მშენებლიდან” 2011 წლის განმავლობაში სულ ხელფასის სახით მიღებული აქვს 12 ათასი ლარი, შესაბამისად თვეში ხელფასის სახით – 1000 ლარი. 2012 წლის 6 თებერვალს ნუგზარ ხუციშვილმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს “ქართუ მშენებელიდან” პრემიის სახით მიიღო უჩვეულოდ დიდი თანხა 40 ათასი ლარი, რაც ფაქტობრივად მისი ოთხი წლის ხელფასს შეადგენს, საიდანაც 20 ათასი ლარი, პრემიის მიღებიდან სამ დღეში შემოწირულობის სახით ბიძინა ივანიშვილისვე დაფუძნებულ კომპანია “ქართულ ოცნებას” გადაურიცხა.
როგორც ნათია მოგელაძე განმარტავს, სახეზეა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელების ფაქტი, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს შემოწირულობის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გამოყენებას.
მოგელაძის განმარტებით, კონტროლის პალატას აქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ამ და მსგავსი სქემების გამოყენებით ხდება შავი ფულით პოლიტიკური მიზნების დაფინანსება. კონტროლის პალატა მიმართავს ფიზიკურ პირებს, “რომლებიც შესაძლოა, გამოყენებული იქნან მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზეც გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები”.
კონტროლის პალატის განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტროლის პალატისთვის პრიორიტეტულია სამართალდარღვევის პრევენცია. ისინი მიმართავენ “ქართულ ოცნებას” წინადადებით, კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მცდელობით მიღებული შემოწირულობა დაუბრუნონ შპს “ქართუ მშენებელს”.
კომენტარი