„შავი ოლიმპიადის“ გაუხმაურებელი დეტალები
თეთრი ოლიმპიადის შავი დასაწყისი – მეხივით გავარდა 12 თებერვალს საქართველოში ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების ამბავი. 21 წლის ქართველი მოციგავე თავისი პირველი ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდა და...
ვანკუვერში მდებარე უისტლერის საციგაო ტრასა ყველაზე საშიშად ითვლება მთელ მსოფლიოში და ჩვენდა საუბედუროდ, სწორედ ამ ტრასამ შეიწირა ნოდარ ქუმარიტაშვილი. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ბოლო ვარჯიშის დამამთავრებელ მონაკვეთზე წონასწორობა დაკარგა, ციგიდან ამოვარდა და ტრასის გაყოლებაზე ჩამწკრივებულ ბოძებს შეასკდა.
რა თქმა უნდა, თავად ეს ამბავიც და მოგვიანებით ნანახი სიუჟეტებიც იმდენად მძაფრი და გამაოგნებელი იყო, რომ აგერ, რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც კი, ძალიან მიმძიმს ამ თემაზე წერა...
სიუჟეტი ვახსენეთ და, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ საზარელი ტრაგედიისთანავე სხვადასხვა ინტერნეტგვერდებზე უმალ გაჩნდა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მალევე დაბლოკა. ეჭვი გვაქვს, ეს ნაბიჯი მათი და ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა შეცდომის დაფარვას ემსახურებოდა, მით უმეტეს, ქუმარიტაშვილის დაღუპვისთანავე გამოქვეყნდა უამრავი განცხადება, სადაც ისინი სპორტსმენის შეცდომაზე მიუთითებდნენ და ყოველმხრივ გამორიცხავდნენ უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.
მოგვიანებით გავრცელებული ცნობებით კი, ტრასის გაუმართაობას მხარი რამდენიმე ცნობილმა მოციგავემ დაუჭირა. მათ შორის, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა არმინ ცოგელერმა, რომელიც იმავ დღეს ზუსტად იმ ავბედით მოსახვევში დაშავდა. მათი თქმით, ოლიმპიადისწინა ვარჯიშზე თავადაც მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები, რამაც ორგანიზატორებს ცივი შხაპი გადაავლო.
უნდა გამოვარჩიოთ ქართული დელეგაციის შეუვალობაც - მათივე მოთხოვნით დაიწყო გამოძიება, რამაც ქუმარიტაშვილის გარდაცვალებას ნათელი უნდა მოჰფინოს და იმედია, დასასჯელი დაისჯება. მართალია, ამით ნოდარს აწი ვეღარავინ გააცოცხლებს, მაგრამ...
ტრაგედიას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც ვანკუვერში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა: ,,ნოდარის მშობლებს რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე. მითხრეს, რომ ნოდარმა მათ ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე დაურეკა და უთხრა, მისით იამაყონ. ჩვენი ათლეტი საქართველოს ისეთი კუთხიდან იყო, სადაც ზამთრის სპორტს უდიდესი ტრადიციები გააჩნია. მისი მამა მოციგავე იყო, ბიძა მწვრთნელი, რომელიც 6 წლის მანძილზე ავარჯიშებდა საფრანგეთის ნაკრებს.
მიმაჩნია, რომ მიუხედავად ამ საშინელებისა ჩვენი გუნდის ვანკუვერში დარჩენა და ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა მართებული გადაწყვეტილებაა, რადგან ოლიმპიური მოძრაობა გაუტეხავი ძალაა. სპორტში შეცდომები ხდება, მაგრამ არ შეიძლება შეცდომა ფატალურად მთავრდებოდეს. თან ჩვენ იმ სახეობაზე ვსაუბრობთ, რომელიც სახიფათოდ ითვლება. ამიტომაც არ შეიძლება, ნოდარის სიკვდილი გამოუცდელობას მიეწეროს. იგი უდიდესი ტალანტი იყო. მის მშობლიურ ბაკურიანში აუცილებლად ავაგებთ ახალ საციგაო ტრასას და მას ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელს მივანიჭებთ. რა იყო უისტლერში დატრიალებული უბედურების მიზეზი და მიუძღვის თუ არა ბრალი საორგანიზაციო კომიტეტს? ამაზე დღეს ბევრს საუბრობენ. რამდენადაც ვიცი, სპორტსმენებისგან და მწვრთნელებისგან არაერთხელ იყო თხოვნა დამცავი კედლების ამაღლებაზე... კარგია, რომ ამას აწი მაინც გაითვალისწინებენ. მაგრამ მოდით, ნუ გავაკეთებთ იქამდე გასაკეთებელს მას მერე, რაც ურემი გადაბრუნდება".
ჩვენდა საუბედუროდ, ორგანიზატორებმა სწორედ „ურემის გადაბრუნების“ მერე დაიკაპიწეს ხელები და ამ ტრაგედიის კვალდაკვალ ოლიმპიადისთვის ტრასა 140 მეტრით შეამცირეს, აამაღლეს დამცავი კედლები და რბილი მასალით შეფუთეს ტრასის გაყოლებაზე არსებული ბოძები. ზუსტად ის ბოძები, რომელთაგან ერთმა 21 წლის ქართველი ბიჭი შეიწირა!
და ორგანიზატორთა კიდევ ერთ ფატალურ შეცდომაზე: ვარჯიშის დროს ტრასის გარკვეული ნაწილი მზის სხივებისგან დაცვის მიზნით გადახურეს. სწორედ იმ გადახურულიდან გამოსვლისას იყო მოსახვევი, სადაც ქუმარიტაშვილმა ორიენტაცია დაკარგა და...
დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის დაჯერებას, რომ სიბნელიდან სინათლეში გამოსვლისას სპორტსმენებს ზედმეტი თავსატეხი უჩნდებოდათ. მით უმეტეს, როცა მაქსიმალური სისწრაფე (ნოდარი 144 კმ/სთ-ით მიდიოდა) გაქვს აკრეფილი და უმალ 270-გრადუსიან მოსახვევში შესვლა გიწევს...
მოკლედ, ძალიან ცუდ ამბებთან ასოცირდება ჩვენთვის ბოლო ორი ოლიმპიადა - 2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო, ახლა კი ბედისწერამ ნოდარ ქუმარიტაშვილი გამოგვაცალა ხელიდან. დამთხვევაა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
მოკლედ, ძალიან ცუდ ამბებთან ასოცირდება ჩვენთვის ბოლო ორი ოლიმპიადა - 2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო, ახლა კი ბედისწერამ ნოდარ ქუმარიტაშვილი გამოგვაცალა ხელიდან. დამთხვევაა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
ნოდარი ოთხშაბათს გამთენიისას ჩამოასვენეს. მთელი მსოფლიოს უამრავმა ცნობილმა თუ უცნობმა ადამიანმა გამოხატა თანადგომა და საჯაროდ გამოუცხადა სამძიმარი მთელ საქართველოს.
ჩვენ „დრონი.ჯის“ სახელით კიდევ ერთხელ გვინდა თანაგრძნობა გამოვხატოთ ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის მიმართ და სიმტკიცე ვუსურვოთ მათ!
კომენტარი