მარგველაშვილი: მავთულხლართებს ბოლოს ძალიან მშვიდად და წყნარად ჩავაბარებთ ჯართში
ამ მავთულხლართებს ბოლოს ძალიან მშვიდად და წყნარად ჩავაბარებთ ჯართში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ სოფელ ატოცის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტი ატოცში უშიშროების საბჭოს მდივან ირინა იმერლიშვილთან და რეგიონული განვითარების მინისტრ დავით ნარმანიასთან ერთად ჩავიდა და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. მანამდე მან მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
"რატომ ჩამოვედით დღეს - პირველ რიგში იმიტომ, რომ სადაც გვიჭირს, იქ ერთმანეთის გვერდში დავდგეთ. ყოველთვის ვიდექით. ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით ბოლომდე არ გაგვეტანოს. ყოფილა დროებითი დათმობები, მაგრამ მინდა შეგაგულიანოთ, რომ არაფერი ხდება ისე, რასაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ გვყავს ძალიან სერიოზული მეგობრები, რომლებიც მხარში გვიდგანან. ამ მეგობრებთან ერთად ნათლად არის დასახული ის გზა, რომლითაც ჩვენ უნდა გავიდეთ ბოლომდე. პირველ რიგში, რასაც ხელისუფლება გააკეთებს, იქნება ის, რომ შეგიმსუბუქებთ იმ დარტყმას, რაც დღეს თქვენ მოგადგათ. რამდენადაც თითოეულის ტანზე და სხეულზე არ უნდა გადიოდეს ეს მავთულხლართი, ბოლოს მაინც სიკეთით, იმ ადამიანებთან, იმ ჩვენ ოს ძმებთან ურთიერთობებს დავეყრდნობით და ამ მავრთულხლართებს ბოლოს მშვიდად, წყნარად ჩავაბარებთ ჯართში", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, არსებულ სიტუაციაში, როდესაც მავრთულხლართების გაბმა გაგრძელდა, ხელისუფლება და მოსახლეობა პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს და ამ სიტუაციაში აუცილებელია გონიერებით იმოქმედონ. "ამ პოროცესს ჩვენ აღვიქვამთ, როგორც კონფლიქტის კონსერვაციის მცდელობას. კიდევ ერთხელ შეფასება მინდა მივცე მავთულხლართებს. არავითარი სტრატეგიული დანიშნულება ამ მავრთულხლართებს არ აქვს. ეს არის გავლებული იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა არ იურთიერთონ ერთმანეთთან. ეს საშიშროება გაჩნდა იქიდან, რომ რა პროცესები, რა რეფორმებიც მიმდინარეობს საქართველოში, აქედან გამომდინარე ცხინვალის რეგიონში ჩვენს მოძმეებს უნდათ ჩვენთან ურთიერთობა. ისევ იწყებოდა პიროვნული ურთიერთობების აღდგენა. ეს არის ჩვენი სიმდიდრე და ამის წინააღმდეგ არის გავლებული ეს მავთულხლართები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისგან მოისმინა ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა ქმედებები ხორციელდება იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური პირობები გაუუმჯობესდეს.
კომენტარი