სენფორდის ,,ანტიმიკრობული თერაპიის“ სახელმძღვანელო ქართველი ექიმებისთვსაც სამაგიდო წიგნი გახდება
თბილისში ანტიმკრობული თერაპიის რაციონალურ გამოყენებას სპეციალური კონფერენცია მიეძღვნა, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ალიანსის“ ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის პრქტიკოს ექიმებს ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალური გამოყენების ინსტრუქციები გააცნეს და სენფორდის ,,ანტიმიკრობული თერაპიის“ სახელმძღვანელოს 45-ე გამოცემის ქართული ვერსია საჩუქრად გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში პრაქტიკოსი ექიმებისათვის გაცნობის მიზნით, ასევე გაიმართა პრეზენტაციები ანტიმიკრობულ თერაპიაზე ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და სენფორდის სახელმძღვანელოს პრაქტიკაში დანერგვის ინსტრუქციის შესახებ. პრეზენტაციები წარადგინეს უნივერსიტეტ პარიზი-7-ის სამედიცინო სკოლის პროფესორმა ელიზაბეთ ბუვემ თემაზე: „ანტიბიოტიკებზე მეურვეობა: როგორ გავაუმჯობესოთ პრაქტიკოსი ექიმების მიერ ანტიბიოტიკების გამოყენება“ და პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ თემაზე: „რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში: სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია“.
ელიზაბეთ ბუვემ კონფერენციაში მონაწილეობა საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ალიანსის“ მოწვევითა და რეკომენდაციით მიიღო. როგორც დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, როდესაც ასეთი მაღალი დონის სპეციალისტი და პრაქტიკოსი პროფესორი ჩვენს ექიმებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.
კონფერენციაზე ფრანგმა პროფესორმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენება,რა უნდა იცოდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის პრაქტიკოსმა ექიმებმა თუ, ზოგადად, საზოგადოებამ, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს განვითარებაზე.
პროფესორ მალვინა ჯავახაძის თქმით, რეზისტენტობა მას შემდეგ არსებობს, რაც ანტიბიოტიკი შეიქმნა, მაგრამ დღეს მთელი რიგი პრობლემების გამო ანტიბიოტიკების მიღება არ არის მომგებიანი ფარმაცევტული კომპანიებისათვის და ახალი ანტიბიოტიკების შექმნის ტემპი მკვეთრად ჩამორჩება რეზისტენტობას:
„ინფორმაციულად დატვირთული და საინტერესო შეხვედრა შედგა. ძალიან მნიშვნელოვანია სენფორდის გაიდლაინი რაციონალური ანტიმიკრობული თერაპიის შესახებ, რომელიც დღეს ექიმებს საჩუქარად გადმოგვეცა, რაც ნამდვილად, დაგვეხმარება ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებაში. ეს მართლაც, სამაგიდო წიგნია ყველა ინფექციონისტისთვის. ძალიან გვჭირდებოდა ინფექციონისტებს მსგავსი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. ერთია პირადი სამედიცინო გამოცდილება, ხოლო მეორე – ახალი რეალობა. 10 წლის წინათ, ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემა ასე მწვავედ არ იდგა, მაგრამ ახლა უკვე გლობალურ პრობლემად იქცა. სულ არის განმეორებითი ინფექციები, ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები ავადდებიან. წელიწადში 3-4 პნევმონია უკვე საგანგაშოა, სწორედ, ამ რეზისტენტობის შედეგია ანალოგიური შემთხვევები. ვფიქრობ, რომ როდესაც დაიწყება თემატური ტრენინგების პრაქტიკული ნაწილი რეგიონებში, ეს უფრო მეტად იქნება მიახლოებული რეალობასთან და უფრო მეტ ცოდნას შევიძენთ ანტიმიკრობულ რეზისტენტობასა და მასთან გამკლავების საკითხებში,“ - აღნიშნავს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ თერაპევტი, მანანა კირთაძე.
კონფერენციაზე ასევე ითქვა, რომ ანტიმიკრობული რეზისტენტობა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც გადალახა ყოველგვარი საზღვრები, გავრცელდა ყველა კონტინენტზე და მიიღო პანდემიის სახე. სწორი, რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი ინტერვენციაა ინფექციების სამკურნალოდ და, მეორეს მხრივ, მთავარ იარაღს წარმოადგენს ანტიბიოტიკების რეზისტენტობასთან ბრძოლაში. „გლობალ ალიანსი“ მხარს უჭერს ჯადაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივას ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალურად გამოყენების თაობაზე და მზად არის დაეხმარონ აღნიშნული სახელმძღვანელოს პრაქტიკულად გამოყენების საკითხებში.
კომენტარი