სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამა პეტრე მოზარდებს შორის გახშირებულ დაპირისპირებებზე: ქუჩებში, მოედნებზე, ბნელ, ჩაკეტილ კუთხეებში გასვლის და სულების გადარჩენის დროა...

მამა პეტრე მოზარდების ბედითაა შეშფოთებული. დღეს უკვე მერამდენე საქმის გარჩევა მოხდა - ვარკეთილში 18 წლის ბიჭი დაჭრეს თავისივე თანატოლებმა.უმძიმეს სოციალურ ფონს მამა პეტრემ პოსტი მიუძღვნა და ხალხს გამოფხიზლებისაკენ მოუწოდა. ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„უმძიმეს სოციალურ, მატერიალურ, ეკონომიკურ ფონს, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მორალურ-ფსიქოლოგიური სტრესი. ვფიქრობ, პათეტიკის და ერთმანეთზე გადაბრალების დრო ამოიწურა და მხოლოდ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი... სულს ღაფავს მომავალი თაობა. მათ აღარავინ შერჩათ ავტორიტეტად და ინერციით მიექანებიან დაღუპვისკენ... ვერავინ და ვერაფერი აჩერებთ დაღუპვის გზაზე... ამ ფონსაც თავისი ახსნა გააჩნია, რაც ზოგადი გულგრილობით, საზოგადოებაში გაბატონებული აგრესიით, მოშვებულობით, უყურადღებობით არის გამოწვეული... მათთვის თითქოს ვერც ოჯახი და ვერც სხვა სამოქალაქო დაწესებულება ვერ იცლის...
ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება და გადარჩენისთვის არაფერს ვაკეთებთ... რესურსების არასწორად გამოყენება უფრო დიდი ტრაგედიაა, ვიდრე რესურსების არქონა...
მათემატიკის პედაგოგი ისტორიის გაკვეთილებს ვერ ჩაატარებს... არც პირიქით შეიძლება მოხდეს...
მოზარდებთან მეტი სამუშაოებია ჩასატარებელი... მეტი სიყვარული და მეგობრობა სჭირდებათ... დიახ, იყვნენ პირსინგიანებიც და ტატუებიანებიც, მთავარია ჩვენთან მოსვლის სურვილი გაუჩნდეთ...
ნუ გადავწყვეტთ, რომ მათ არაფერი ეშველებათ და ისინი დაღუპულები არიან... ასეთი მიდგომები უფროა დამღუპველი, ვიდრე გზასაცდენილი მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც ყოველთვის აქვს გადარჩენის შანსი...
აღარ არის კათედრებთან დგომის და მომნუსხველი საუბრების დრო...
ქუჩებში, მოედნებზე, ბნელ, ჩაკეტილ კუთხეებში გასვლის და სულების გადარჩენის დროა...“- წერს მამა პეტრე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100