სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მრევლის ნაწილი ელექტრონულ პირადობის მოწმობებს აპროტესტებს

მართლმადიდებლური მრევლის ერთი ნაწილი საქართველოში ბიომეტრული პასპორტებისა და ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებას აპროტესტებს. აქცია ამასთან დაკავშირებით დღეს თბილისში, მეტეხის ხიდთან გაიმართა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზაზა ნანობაშვილი საპროტესტო აქციის გამართვისკენ ბათუმის მოსახლეობასაც მოუწოდებს, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საზეიმო ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი. ნანობაშვილი ფიქრობს, რომ დღეიდან ძალაში შესული კანონი, რომელიც ბიომეტრიული პასპორტების და მოწმობების გაცემას ითვალისწინებს, არის საფრთხე ეროვნულობის იდენტობისთვის:

„მთელმა ევროპამ უარი თქვა მაგ მოწმობების მიღებაზე. ჩვენ ვართ ერი, რომელზეც ექსპერიმენტს ატარებენ. ჩვენ არ გვიტოვებენ სხვა გზას, მშვიდობიანი ფორმით მოვიპოვოთ არჩევანის უფლება" - ამბობს ის.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბიომეტრიული პასპორტები ეტაპობრივად 2005 წლიდან შემოიღეს.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ერთმა ნაწილმა ბიომეტრული პასპორტებისა და ელექტრონული პირადობის მოწმობების საჭინააღმდეგოდ საპროტესტო აქცია თავდაპირველად 10 ივლისს გამართა. მათი თქმით, აღნიშნული დოკუმენტები არაქრისტიანულ სიმბოლიკას მოიცავს, რის გამოც ისინი მოითხოვენ ამ დოკუმენტების ნეიტრალური და მართლმადიდებლური მრევლისთვის მისაღები ვერსიის დაშვებას.

ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ახალი ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისაგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ საბუთით პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი. იგი ელექტრონული დოკუმენტების ციფრული ხელმოწერით დადასტურების საშუალებას იძლევა. მოქმედი კანონმდებლობით, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა ექნება.
ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება მხოლოდ დღეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ვადის გასვლის, დაზიანების, დაკარგვის, მისი მფლობელის სახელის ან გვარის შეცვლისა და მასში უზუსტობის აღმოჩენისას არის სავალდებულო. სხვა შემთხვევებში კი მისი აღება სურვილისამებრ მოხდება.

მომზადებულია "ნეტგაზეთისა" და "ჯი-ეიჩ-ენის" მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100