ცესკოს თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს შეხვდა.
შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. იგორ დოლგოვი მიმდინარე საარჩევნო პროცესებითა და პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებით დაინტერესდა. თამარ ჟვანიამ მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. თამარ ჟვანიამ ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ ცესკომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო დადგენილებები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა როგორც კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ისე კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები.
დღევანდელ შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე. ასევე, საუბარი შეეხო გენდერულ წარმომადგენლობას საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებში და აკრედიტებული დამკვირვებლებისა და მედიის არჩევნებში მონაწილეობის საკითხებს.
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი დაკვირვება 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ვინაიდან აღნიშნული დემოკრატიულობის, გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხს ამაღლებს.
კომენტარი