არეულობის მსხვერპლი ლონდონში გუშინ ღამით ერთით გაიზარდა
მამაკაცი, რომელიც ორშაბათს აგრესიული ახალგაზრდების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, წუხელ ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მას ჯერ კიდევ ორშაბათს დაესხნენ თავს, როცა აგრესიული ახალგაზრდების ჯგუფის შეჩერება მათთან გასაუბრებით სცადა, სანამ ისინი მაღაზიის დარბევას დაიწყებდნენ. ამასთან, ბრიტანული მედია იტყობინება, რომ მოქალაქე, რომელიც ახალგაზრდების დაწყნარებას ცდილობდა, არა მაღაზიის მეპატრონე, არამედ რიგითი მომხმარებელი იყო. ახალგაზრდები მისმა მოწოდებამ გააღიზიანა და ისინი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებული თავის ქალის დახურული ტრავმის დიაგნოზით, უგონო მდგომარეობაში მოათავსეს საავადმყოფოში, სადაც გვიან ღამით, თბილისის დროით დაახლოებით 02.30 საათზე გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. ეს უკვე მეხუთე მსხვერპლია მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის ქალაქებში არეულობა დაიწყო.
კომენტარი