"ჯონ კერის ვიზიტი ჩვენი აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა"
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი ჩვენი აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჯონ კერის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ურთიერთობები აშშ-სთან ყოველწლიურად ღრმავდება ყველა მიმართულებით, რომელსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს.
„ეს მიმართულებები არის თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ასევე, თემები, რომლებიც უკავშირდება ხალხთაშორის ურთიერთობებს, განათლების სფეროს და კულტურულ ურთიერთობებს. დემოკრატიული რეფორმები, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოს ინსტიტუციური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით - ეს არის საკითხები, რომლებსაც დღეს სხვადასხვა ფორმატში განვიხილავთ, განსაკუთრებით სტრატეგიული ქარტიის პლენარული სესიის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ კერის თანათავმჯდომარეობით გაიმართება. ამ შეხვედრაზე მოგვეცემა საშუალება, ყველა ამ მიმართულებაზე ვისაუბროთ. ჩვენ დღეს ველოდებით, რომ ყველა ამ მიმართულებით ძალიან შინაარსობრივი განხილვები იქნება“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
კომენტარი