შოთა უტიაშვილმა ხაშურის პოლიციის შენობაში მომხდარ შემთხვევაზე დაწვრილებით ისაუბრა
”რა მოტივაცია შეიძლება ჰქონოდა პოლიციას, გადმოეგდო ძალიან უმნიშვნელო დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანი, ან მასზე გამოეყენებინა რაიმე ფიზიკური ზემოქმედების მეთოდები?” - დღეს, 6 მარტს განაცხადა სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებაზე შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, დავით პაიჭაძის გადაცემა ”დიალოგში” სტუმრობისას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ისაუბრა ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში 27 თებერვალს მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც 47 წლის სოლომონ ქიმერიძემ, ოფიციალური ვერსიით, კიბიდან გადმოვარდნისას სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.
”პოლიციამ ამოიღო ერთ-ერთი ჯართის ჩამბარებელი პუნქტიდან მოპარული საოჯახო ნივთები - ქვაბი და ჩაიდანი. რადგან გარდაცვლილი ქიმერიძე იყო ამ სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომელიც ადრე იყო გასამართლებული ჯართის მოპარვის ბრალდებით და მაშინ მასთან პოლიციამ გააფორმა საპროცესო შეთანხმება, პოლიციამ ეჭვი მიიტანა მასზე. ის მოიყვანეს პოლიციის შენობაში მოწმის სახით. ქიმერიძემ დაკითხვისას განაცხადა, რომ ის ნივთები, რომლებიც მან ჯართში ჩააბარა, მას აჩუქა ნივთების პატრონმა. მან ჩააბარა ნივთები ჯართში, რომელიც ეკუთვნოდა სხვას. ამის შემდეგ პოლიციამ მას უთხრა, რომ მოიყვანდა დაზარალებულ გამგონიძეს და დაკითხავდა. გამგონიძემ თქვა, რომ მას ეს ნივთები არავისთვის არ უჩუქებია, ამიტომ გადაწყდა მესამე სართულიდან მეორე სართულზე ქიმერიძის ჩაყვანა ოფიციალური დაკითხვის მიზნით და უკვე ალბათ, მისთვის ბრალის წაყენების მიზნით.
ქიმერიძეს უთხრეს, რომ მას ბრალს წაუყენებდნენ, მაგრამ მას ასევე უთხრეს, რომ მიყენებული ზარალი იყო ძალიან მცირე, ვლაპარაკობთ რამდენიმე ათეულ ლარზე, პოლიცია არ მოითხოვდა მის დაპატიმრებას. მას ამ ჩაყვანის დროს წინ მიუძღოდა ციყელაშვილი, უბნის ინსპექტორი. უნდა აღინიშნოს, რომ ქიმერიძე იწონიდა 160 კილოგრამს, ცოტა უფრო მეტს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ჩანს, არ იყო დამაკმაყოფილებელი,” - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაავადებების დაკონკრეტება სთხოვა, რაზეც უტიაშვილმა უპასუხა, რომ ამას ექსპერტიზა დაადგენდა.
”ციყელაშვილი მიდიოდა წინ და რამდენადაც ქიმერიძე იყო საკამოდ ტანსრული, მიყვებოდა უკან, ციყელაშვილმა გაიგონა ხმა, მოტრიალდა უკან და დაინახა როგორ ვარდებოდა ქიმერიძე. ქიმერიძე მაშინვე წაიყვანეს საავადმყოფოში. საავადმყოფოში გადაყვანის დროს ის იყო ცოცხალი და მან ექიმს უთხრა, რომ გადმოვვარდიო, თუმცა, მოგვიანებით შოკში ჩავარდა და გარდაიცვალა.
კიდევ ერთხელ მინდა დავამატო მათ გასაგონად, ვისაც ეჭვი შეაქვს პოლიციის კეთილსინდისიერებაში: ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან ტრივიალურ საქმეზე, სადაც ზარალი შეიძლება შეადგენდეს რამდენიმე ათეულ ლარს. რა მოტივაცია შეიძლება ჰქონოდა პოლიციას, გადმოეგდო ძალიან უმნიშვნელო დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანი, ან მასზე გამოეყენებინა რაიმე ფიზიკური ზემოქმედების მეთოდები? იცით, ჩვენი კრიტიკოსები ხელმძღვანელობენ პრინციპით, ჩვენ დავაბრალოთ და მერე მათ იმართლონ თავი. მე მესმის, რომ პოლიციის პასუხისმგებლობაა, ამიტომაც გათავისუფლდა თანამდებობიდან ხაშურის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელი,” - განაცხადა შოთა უტიაშვილმა ”პირველი არხის” ეთერში.
შოთა უტიაშვილმა ასევე განმარტა, რომ პოლიციის შენობაში გადაადგილებისას სოლომონ ქიმერიძეს ხელბორკილები არ ეკეთა, რადგან მის დაპატიმრებას სამართალდამცავები არ აპირებდნენ.
”ეს არის მეორე შემთხვევა ბოლო 5 წლის განმავლობაში. პირველი შემთხვევა იყო 2009 წელს, კაცი გადმოვარდა რუსთავში, ასე რომ, არანაირ ტენდენციაზე საუაბრი არ შეიძლება, რომ პოლიციის შენობიდან ხალხი ცვივა. მას პოლიციაში დიდხანს ლოდინი მოუწია იმიტომ, რომ დაზარალებულის პოლიციაში წარმოდგენას დაჭირდა დიდი ხანი იმიტომ, რომ ის იყო თავის სამუშაო ადგილზე, საჭირო გახდა მასთან დარეკვა და მერე მის მოსვლას დასჭირდა რამდენიმე საათი. ეს ის შემთხვევაა, მე ვფიქრობ ოჯახის წევრებისთვის, ასევე ახლობლებისთვის, ნათესავებისთვის, ყველაფერი ნათელია იმიტომ, რომ ხაშურის ძალიან პატარა ქალაქია, ეს ამბავი მოხდა პოლიციის შენობაში დღისით, მზისით, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და მისი გადმოვარდნა რამდენიმე წამში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ნახა,” - თქვა შოთა უტიაშვილმა. მისივე განცხადებით, სოფელ ქვიშხეთში პანაშვიდზე თბილისიდან ჩასული პოლიტიკოსები იმიტომ არ შეუშვეს, რომ ”ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა სცადეს ამ შემთხვევის გამოყენება თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის.”
უტიაშვილმა იქვე დასძინა, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს ქიმერიძის სახლთან მიახლოებაში და მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ, პოლიციელები არ ყოფილან, ისინი მხოლოდ ქიმერიძეების ახლობლები იყვნენ.
”ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მე არა მაქვს ინფორმაცია, მიმართეს თუ არა ”მაესტროს” ჟურნალისტებმა სამართალდამცავ ორგანოებს, თუ ეს ასეა, ჩვენ ამას სამართლებრივ შეფასებას მივცემთ, თუმცა, გასათვალისწინებელია იქამდე როგორ იქცეოდა ”მაესტრო” და ხომ არ იყო მის წინა ქცევაში საფუძველი იმისა, რომ ჭირისუფლები მოქცეოდნენ აგრესიულად, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას შევისწავლით და სამართლებრივ შეფასებას მივცემთ,” - ასე უპასუხა შოტა უტიაშვილმა დავით პაიჭაძის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ”მაესტროს” ჟურნალისტების გამოგდებას და მათზე მუქარას სოფელ ქვიშხეთში.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღავნელის თქმით, ქიმერიძის შემთხვევა იქნება ”უკანასკნელი,” რადგან ამიერიდან პოლიციის შენობაში მყოფ პირთა უსაფრთხოების წესები გამკაცრდება და პოლიციის შენობები შიგნიდან დამატებითი ვიდეოკამერებით აღიჭურვება.
კომენტარი