სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ენგურის მშენებლობის დროსაც დიდი ამბავი იყო ატეხილი, მაგრამ ენგური რომ არ ყოფილიყო, დავიღუპებოდით

ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი აქტუალობას არ კარგავს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მშენებლობის განახლების წინააღმდეგია. მათი აზრით, ეკოლოგიური დანაკარგი და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები არ ღირს რამდენიმე ათასეულ კილოვატ ენერგიად და ბიუჯეტში ასახულ შემოსავლებად. მათ საპირწონედ ხელისუფლება, სპეციალისტები და პროექტის მესვეურნი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე, ჰესის ექპლუატაციიდან მიღებულ შემოსავლებსა და სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე საუბრობენ.

ჰიდროელექტროტექნიკოსი თემურ არშბა კი მიიჩნევს, რომ ხუდონჰესის მშენებლობის შეჩერება თუნდაც იმიტომ არ ღირს, რომ უკვე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების დაკონსერვება საკმაოდ ძვირი დაჯდება: მშენებლობა უკვე დაწყებულია და იმდენად ღრმად არის შესული, რომ მშენებლობის შეჩერება არ ღირს. კაშხალი ამოსულია, მიწისქვეშა კომუნიკაციები გაკეთებულია, ამის გაჩერება და კონსერვაცია ძალიან ძვირი დაჯდება.

გასული საუკუნის 80-იან წლებში აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია ხუდონის მშენებლობის სასარგებლოდ. მოგვიანებით პროექტის განხორციელება შეჩერდა.

საბჭოთა პერიოდში ამ ჰესის მშენებლობა დაიწყო რუსეთის პიკური საათებისთვის. ეს მათ სჭირდებოდათ ხუდონის მშენებლობა. იხვეწებოდნენ, ფულს მოგცემთ, ოღონდ ააშენეთო. როდესაც მშენებლობა შეჩერდა, ყველა გაოცებული იყო.

თუ მაშინ გამომუშავებული ელექტროენერგია სხვა ქვეყნის ინტერესებს უნდა მოხმარებოდა, დღეისათვის ჩვენ რომ გამოვიყენოთ ეს რესურსი, გაიზარდოს ქვეყნის ენერგოეფექტურობა ამაში ცუდი რა არის?

საქართველოში დღე–ღამური პიკების გაჭირვება არ არის, ამისთვის საკმაოდ მძლავრი სადგურები გვაქვს. ამიტომ ხუდონის აშენება–არაშენებაზე ახლა ლაპარაკია მხოლოდ იმ სპექტრში, რომ სოფელი ხაიში დაიტბორება თუ არ დაიტბორება და აქედან როგორ უნდა განხორციელდეს მოსახლეობის განსახლება. ენერგეტიკულ ასპექტებზე ნაკლებად საუბრობენ.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ კამპანია არასწორად მიმდინარეობს?

ხუდონის ენერგოეფექტურობაზე საუბარი პირველად თქვენგან მესმის. თუმცა უამრავი მითქმა-მოთქმა მსმენია იმაზე, რომ ხუდონი გავლენას მოახდენს ენგურის მუშაობაზე, რაც არასწორია. მაგის დასაბუთება შეიძლება ელემენტარული გათვლებით. თუ როგორ მუშაობს ენგური, ამაზე ჩვენ უამრავი კვლევა გვაქვს ჩატარებული. მოსკოვში გავდიოდით ექსპერტიზას. ხუდონი ენგურის გამომუშავებას არ ზრდის, ენერგეტიკულ სიმძლავრეს კი ნამდვილად ზრდის. იმიტომ, რომ ხუდონის გადამუშავებული წყალი ენგურზე გადმოედინება და გარანტირებულ სიმძლავრეს ზრდის, ზამთრის გარანტირებულ სიმძლავრეს.

რაც შეეხება ენერგოეფექტურობას, 700 მეგაკილოვატი, რომელსაც ხუდონი გამოიმუშავებს, არც ისე ბევრია გარანტირებული მოდინების დროს. ზამთარში საათნახევარი გამოიყენებ ამ ენერგიას, ეს ძალიან ცოტაა. მინიმუმ 5–6 საათი უნდა იყოს. ენგური ზამთარში დადგმული სიმძლავრით 6-საათიან პიკში მუშაობს. შეიძლება ამის გადახედვა იყოს საჭირო.

დარგის ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ მხოლოდ ხუდონჰესი კი არა, სხვა დიდი ჰესებიც უნდა აშენდეს იმ მდინარეებზე, რომელსაც ამის რესურსი გააჩნია.

არსებობს პერსპექტიული გრაფიკები, რის საფუძველზეც ამას ამბობენ? მაჩვენონ პერსპექტიული დაფარვის გრაფიკი და იქ გამოჩნდება რამდენად საჭიროა და რამდენად არა ხუდონი. ეს პერპექტიული დაფარვის გრაფიკები მე არ მინახავს არსად. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშენებლობა უნდა გაგრძელდეს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ დღეს მხოლოდ მოსახლეობის განსახლებაზე და კლიმატის ცვლილებებზე საუბრობენ. როგორ ფიქრობთ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემაა?

ენგურის მშენებლობის დროსაც დიდი ამბავი იყო ატეხილი, მაგრამ ენგური რომ არ ყოფილიყო, დავიღუპებოდით. ის რომ სოფლის მოსახლეობა უნდა გადასახლდეს, რა თქმა უნდა, მტკივნეული საკითხია, მაგრამ განსახლება ისე უნდა მოხდეს, ფული კი არ უნდა გადაუხადონ, არამედ ჰკითხონ, სად უნდათ ცხოვრება: აუშენონ სახლი, უზრუნველყონ ყველანაირი საცხოვრებელი პირობებით. როგორც ვიცი, ხუდონის მშენებლობის დაწყების დროს ხაიშის მოსახლეობა თანახმა იყო. რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, ექსპერტიზა გაკეთებულია და ეს გარემოზე გავლენას არ მოახდენს. არც ენგურს გამოუწვევია დიდი ცვლლება. მაშინ როცა ზღვა ასე ახლოა, წყალსაცავები კლიმატზე ცვლილებას ვერ მოახდენს.

შესაძლო ფრაზები:

რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, ექსპერტიზა გაკეთებულია და ეს გარემოზე გავლენას არ მოახდენს. არც ენგურს გამოუწვევია დიდი ცვლლება. მაშინ როცა ზღვა ასე ახლოა, წყალსაცავები კლიმატზე ცვლილებას ვერ მოახდენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100