სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბენზინის გაძვირებას კოკოითი საკუთარ "მთავრობას" აბრალებს

რუსეთის მფარველობამ და მისი მხრიდან აღიარებამ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა დიდად ვერაფრით წასწია წინ. ცნობილია, რომ ცხინვალის რეგიონში ყველა სახის საწვავი რუსეთიდან შემოდის. ამასთან, საწვავი ფორმალურ განბაჟებასაც გადის, რაც მის თვითღირებულებას ძალიან ზრდის.

თუკი მანამდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოსული ერთი ტონა ბენზინის განბაჟება 239 აშშ დოლარი ჯდებოდა, 1 მაისიდან ამავე პროცედურის შესრულება ამავე მოცულობის საწვავზე 408 დოლარი დაჯდება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ხელისუფლებამ.

სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე თითქმის ყველა ბენზინგასამართი სადგური დაკეტილია. ლიტრი ბენზინის ოფიციალურმა ფასმა 62 რუსული რუბლი შეადგინა, რაც დაახლოებით 4 ლარია.

სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლების ლიდერი, ედუარდ კოკოითი კი საწვავის დეფიციტს არა რუსეთს, არამედ თავის ქვეშევრდომებს აბრალებს.

„საწვავის დეფიციტი სამხრეთ ოსეთის მთავრობის გაუაზრებელი მოქმედებების გამო შეიქმნა, რადგან მისმა წევრებმა ვერ შეძლეს რესპუბლიკაში საჭირო მოცულობის საწვავის შემოზიდვის უზრუნველყოფა.

არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი წინასწარგამიზნულად მოხდა...“ – დაამატა ედუარდ კოკოითიმ, რითაც უნებურად წამოსცდა, რომ ქვეშევრდომებს არ ენდობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100