სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუთი დღის განმავლობაში 223 დაღუპული – ლიბიას ორად გახლეჩის საფრთხე ემუქრება

„როიტერის“ ინფორმაციით, ამ წუთებში ლიბიის ერთ–ერთ უდიდეს ქალაქ ტრიპოლში აფეთქების ხმა ისმის. ტელეარხი „ალ–ჯაზირა“ იუწყება ლიბიის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ათასობით მომიტინგისა და კადაფის მომხრეების სისხლისმღვრელი შეტაკების შესახებ.

სიდიდით ქვეყნის მეორე ქალაქ ბენღაზაში , არეულობა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ხელისუფლებამ , უცხოელ ჟურნალისტებს ქალაქში შესვლა ოფიციალურად აუკრძალა. მედიის თანამშრომლებს მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ცნობას საავადმყოფოების მედპერსონალი აწვდის.

ბენღაზის მთავარი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ ამ საავადმყოფოში 50 დაღუპული და 100–ზე მეტი დაშავებულია ტრანსპორტირებული. „თითქმის ყველა დაღუპულს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული“, – აღნიშნა ექიმმა.

არეულობები ლიბიაში გასულ კვირას დაიწყო. დემონსტრანტები ხელისუფლების შეცვლას და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. Human Rights Watch –ის მონაცემებით, იმ ხუთი დღის განმავლობაში, რაც არეულობა გრძელდება, ლიბიაში 223 ადამიანი დაიღუპა და მათი რიცხვი თითქმის ყოველ საათს იზრდება.

ამავე დროს, „ალ–ჯაზირა“ იუწყება, რომ ლიბიელი მმართველის, მუამარ კადაფის ვაჟმა, საიფ ალ–ისლამ კადაფიმ მოსახლეობას ნაციონალური არხით მიმართა და მათ ქვეყნის ორად გახლეჩის საშიშროებაზე ესაუბრა. არაბული ენის ლიბიურ დიალექტზე წარმოთქმულ სიტყვაში უმცროსმა კადაფიმ განაცხადა, რომ ქვეყანა სამხრეთ დაჩრდილოეთ კორეის მსგავსად, ორად გაიხლიჩება, თუკი დემონსტრანტები გაიმარჯვებენ. კადაფიმ სახალხო გამოსვლებში „შინაური მტრები“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ სურთ, ქვეყანა რამდენიმე, ისლამიზირებულ სახელმწიფოდ გახლიჩონ.

„ერთ ნაწილს უნდა მთავრობის შექმნა ბენღაზაში, სხვებს კი უნდათ ისლამური ემირატის ორგანიზება ალ–ბაიდაში. ყველა ჯგუფს საკუთარი შეთქმულება აქვს“ – თქვა საიფ ალ–ისლამ კადაფიმ.

გამოსვლების დაწყებიდან ცოტა ხანში ოფიციალურმა ტრიპოლიმ განაცხადა, რომ აქციებში მონაწილეობენ არა კადაფის რეჟიმის მოწინააღმდეგეები, არამედ „ისლამისტი ექსტრემისტების“ დაჯგუფებების წევრები. სწორედ მათ ადანაშაულებს ხელისუფლება მძევლების აყვანასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა დახვრეტაში.

კვირას ტრიპოლში, ალ–ბაიდასა და ბენღაზაში საპროტესტო აქციებზე გამოსული დემონსტრანტები უმცროსმა კადაფიმ ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, აჯანყებულებმა ქვეყანაში რამდენიმე სამხედრო ბაზა დაიკავეს და სამხედრო ტექნიკაც ჩაიგდეს ხელთ, მათ შორის – ტანკებიც. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ აჯანყებულთა მხარეზე გადავიდნენ ცალკეული არმიული ნაწილები, 21 თებერვლის ღამეს კი ტრიპოლში დაიწყო სისხლისმღვრელი შეიარაღებული შეტაკება კადაფის მოწინააღმდეგებსა და მომხრე სპეცსამსახურების წარმომადგენელთა შორის.

ჩინეთში ლიბიის ელჩმა, ჰუსეინ სადიკმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, მუამარ კადაფიმ უკვე დატოვა ქვეყანა. „ალ–ჯაზირას“ სარედაქციო ბლოგზე, თვითმხილველებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა ცნობა, რომ კადაფის ვაჟიშვილებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, თუმცა, სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ „ალ ჯაზირას“ ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნია. ჰუსეინ სადიკმა პირდაპირ ეთერშივე განაცხადა უფლებამოსილების მოხსნისა და გადადგომის შესახებ, ამავე დროს მთელ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდა, მისთვის მიებაძათ.

20 თებერვალს ჩინეთში ლიბიის ელჩის მაგალითს არაბული ქვეყნების ლიგაში ლიბიის ელჩმა, აბდელ მონეიმ ალ–ჰონიმ მიბაძა. იგი არათუ გადადგა, არამედ ლიბიის რევოლუციისადმი საკუთარი მხარდაჭერაც ხმამაღლა გამოთქვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100