ცნობილთა ეპიზოდი: რატომ გაახსენდა ბალ-მასკარადზე ერთი რუსის შემყურე შამილს ღორი
მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებული მრავალწლიანი კავკასიური ომი კავკასიის დამორჩილებით დასრულდა. ყველაზე ღირსეული და შეურიგებელი დაღესტნის ეროვნული გმირი, შამილი რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს და რუსეთში წაიყვანეს.
შამილს წმინდა პეტრეს ქალაქში სანახაობას არ აკლებდნენ. ხშირად ეპატიჟებოდნენ ბალ-მასკარადებზე, შამილი კი, აბა, რა გულით უნდა გართობილიყო - იჯდა თავისთვის და კავკასიის აულები ეზმანებოდა.
კავკასიის შვილი არ იყო შეჩვეული ღამის ცხოვრებას, ამიტომაც, შუა ბალის დროს ხშირად ერეოდა ძილი. ერთ-ერთი ბალის დროს შამილმა დაამთქნარა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია სტუმრად მყოფ ერთ რუს დიდგვაროვანს და ხმამაღლა თქვა, ამ ნადირმა არ ჩამყლაპოსო.
მლიქვნელებმა ხმამაღლა გაიცინეს და ყველამ შამილისკენ გაიხედა.
რუსულის არცოდნის მიუხედავად, შამილი მიხვდა, რომ რეპლიკა მისი მისამართით ისროლეს და ფრაზის სიტყვასიტყვით გადათარგმნა მოითხოვა. როცა თარჯიმანმა გადაუთარგმნა, წუთითაც არ დაფიქრებულა და დიდგვაროვან რუსს შეუთვალა:
-შიში ნურაფრის ექნება, რადგან მე მაჰმადიანი გახლავართ და ღორის ხორცს არ გეახლებით...
კომენტარი