22 წლის ბიჭის ტრაგიკული ისტორია და ქართული ოცნების შეუსრულებელი დაპირება
დრონი.ჯი ახალგაზრდა, ეტლსმიჯაჭვული ბიჭის ტრაგიკული ისტორიას გიამბობთ. 22 წლის კახა პავლიაშვილი 5 წელია უკვე ეტლსაა მიჯაჭვული, ოჯახის წევრებმა მთელი საქართველო შემოატარეს, მაგრამ ფეხზე წამოდგომის ერთადერთ იმედად მხოლოდ გერმანიაში მკურნალობა დარჩა.
ოჯახი აფხაზეთიდან არის ლტოლვილი და სოციალურადაც დაუცველია. რა სახსრებია საჭირო და რატომ ვერ ახერხებს ოჯახი ოპერაციის გაკეთებას ამას კახას და მაკა პავლიაშვილი გიამბობთ.
მაკა პავლიაშვილი: 5 წელია კახას თავის ტვინის ტრამვა აქვს, რის შედეგადაც დაზიანებული აქვს ხელ-ფეხის მოძრაობა. 17 წლის იყო, ჯარში უნდა წასულიყო და წინა დღეს ავარიაში მოყვა, მას შემდეგ ეტლსაა მიჯაჭვული. დედა მოხუცია, ერთადერთი დამხმარე მე ვყავარ, რა არ ვცადე, მცირეწლოვანი ბავშვებით დავდივარ დახმარების სათხოვნელად, თუმცა დღემდე საშველი არ ჩანს.
კახას გერმანიაში ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება, იქიდან მოიწერეს, რომ 30 000 ევროა საჭირო. თანხის ამბავი, რომ გავიგეთ ის პერიოდი იყო როცა წინასაარჩევნო მზადება ჰქონდა საქართველოს. სწორედ მაშინ მივწერე ივანიშვილის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე და დახმარება ვთხოვე. ზუსტად ეს სიტყვები მითხრეს: „მოვიდეთ ხელისუფლებაში და შენ კი არა ყველას დავეხმარებითო“.
მართლაც 2 თვეში მოვიდნენ და ისევ მივწერე, პასუხი იყო ასეთი: „ჩვენ არ გვეხება და ვერაფერში დაგეხმარებითო“. კიდევ მივწერე და ისევ იგივე პასუხი მომივიდა.
შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანე დაფინანსებაზე განაცხადი და თან მიხეილ სააკაშვილს მივწერე, რომ ეშუამდგომლა. 3 შუამდგომლობის წერილი გააგზავნა საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის სამინისტროში, მაგრამ არ გაითვალისწინეს და რამდენიმე დღეს წინ უარი მომივიდა.
ნანიკო ხაზარაზესთან შოუშიც მყავდა ჩემი ძმა, რომ ხალხს დაეჯერებინა არ ვიტყუებოდი და არასამთავროებიც დამეხმარნენ, რომ კახაზე ბევრს შეეტყო, თუმცა საშველი არსაიდან ჩანს, და აი უკვე აღარ ვიცი ვის მივმართო. არ მინდა რომ ჩემი ძმა შეეგუოს იმ აზრს, რომ აღარასოდეს მიეცემა სიარულის საშუალება, არასოდეს ექნება შესაძლებლობა რომ სხვისგან დამოუკიდებლად იცხოვროს. 22 წლისაა, ეხლა იწყებს ყველაფერს და გთხოვთ ყველას დამეხმარეთ რომ კახამ სრულფასოვანი ცხოვრება შეძლოს.
კომენტარი