სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: "პარლამენტი ქუთაისში მაინც გადავა..."

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 ივნისს განაცხადა, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანა საქართველოს დეცენტრალიზაციის პოლიტიკის შემადგენელი "ისტორიული რეფორმაა“ და "ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს“, ეს გადაწყვეტილება მაინც შესრულდება.

2012 წლიდან პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც მეორე მოსმენით არის მიღებული, საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება დედაქალაქის პოლიტიკური როლის შესაძლო დაკნინების, მთავრობაზე კონტროლის შესაძლო შესუსტების და იმ ხარჯების გამო, რომელიც პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობას და მისი შემდგომ ფუნქციონირებას უკავშირდება.

“გადავა პარლამენტი ქუთაისში, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ვისაც როგორ არ უნდა მოეჩვენოს, რომ ქუთაისი საერთოდ არ არის არაფრის ღირსი... ვისაც 'ქუთაისში რა უნდა', ის ქუთაისში ვერ მოხვდება, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მას იქ არ შეუშვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“შეუშვებენ იმათ, ვისთვისაც ქუთაისი, ბათუმი, ჩხოროწყუ, ხარაგაული, სოხუმი და ა.შ. არის ერთნაირად ძვირფასი და მისაღები ქალაქები და ეს არის ახალი საქართველო – არა ერთი და იგივე ათასი კაცი, რომელიც ერთი და იგივე ქუჩაზე წყვეტს ყველაფერს და საერთოდ არ აინტერესებს სხვისი აზრი, არამედ 4 მილიონ 700 ათასი ადამიანი, რომელიც ყველა დონეზე წყვეტს, თავიდან ბოლომდე ძირითად გადაწყვეტილებას იღებს ქვეყნის მართვის და თავისი მომავლის. და ამ მხრივ ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე. ეს არის ისტორიული რეფორმა, რომლის მნიშვნელობის გადაჭარბება არის შეუძლებელი“, – აღნიშნა მან საკონსტიტუციო სასამართლოში გამოსვლისას.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანა, ხოლო პარლამენტის ქუთაისში გადასვლის გეგმები იმ "ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციის“ მაჩვენებელია, რომ "საქართველოს დეცენტრალიზაცია სწორი კუთხით“ მიდის.

“არა ისე, რომ ფეოდალურ საფაშოებად დავყოთ საქართველო, არამედ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების გადანაწილება საქართველოს ტერიტორიებზე,“– განაცხადა მან

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100