სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აუტიზმით დაავადებული დათას დედის წერილი საზოგადოებას

მე ვარ მარი კორკოტაძე, 5 წლის აუტისტი ბიჭის, დათა ფარცხალაძის დედა.

მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რასაც ვაწყდებოდით და დღემდე ვაწყდებით მე და ჩემი შვილი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დათა 3 წლის და 4 თვის იყო, როდესაც დიაგნოზი დაუსვეს. პირველი ერთი წელი ბავშვი სახლში გადიოდა ABA თერაპიას. ერთი წლის შემდეგ სიარული დავიწყეთ აუტიზმის ცენტრში, სადაც მივდიოდით ჯერ მეტროთი და შემდეგ ავტობუსით.

თავიდან დათას ძალიან უჭირდა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან შეგუება. იგი ხშირად მართავდა ისტერიკებს, რის შედეგადაც წუხდებოდნენ მგზავრები. ჩემთვის ეს ძალიან მძიმე იყო! მიხდებოდა შეწუხებული მგზავრების მზერის მოგერიება, შეძახილები: „რა სჭირს ამ ბავშვს?!“ „ეს ბავშვი როგორ ტირის და დედამისი წყნარად ზის!“(როდესაც აუტისტი ბავშვი მართავს ისტერიკას, ამ დროს მის ქცევას უნდა გაუკეთო სრული იგნორი, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ ისტერიკას მოაწყობს) და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდიდი, ბევრჯერ გამიჩერებია ავტობუსი და ატირებული ჩამოვსულვარ. ბევრჯერ მაიძულა სამარშუტო ტაქსის მძღოლმა, რომ ჩამოვსულიყავი.

მაშინ გამოუცდელი ვიყავი!

მიუხედავად ყველაფრისა, არ დავყარე ფარ-ხმალი, ჯიუტად მივაბიჯებდი ამ მძიმე გზაზე!

ახლა, როდესაც უკვე 3 წელი გავიდა, მე აღარ მაინტერესებს თუ ვინმე წუხდება ჩემი შვილით და თუ ვინმეს უკმაყოფილება გაუჩნდება მის ისტერიკაზე. ძალიან მშვიდად და აუღელვებლად ვეუბნები შეწუხებულ მგზავრს შემდეგს: „ჩემი შვილი სრულფასოვანი წევრია ამ საზოგადოების, და რადგანაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვართ, მასაც ისეთივე სრული უფლება აქვს მგზავრობის, როგორც თქვენ!“

თუ სამარშუტო ტაქსის მძღოლი მაიძულებს ტრანსპორტიდან შვილის ჩაყვანას, „არავითარ შემთხვევაში!“ აუცილებლად ვეტყვი, რომ იგი ახდენს ჩემი შვილის დისკრიმინაციას, ამიტომ შემიძლია ვუჩივლო და სამსახური დავაკარგინო!

არავითარ შემთხვევაში არ უნდა იგრძნოთ უხერხულობა თქვენი შვილის ქცევის გამო! როგორც დავიცავთ ჩვენს შვილებს, შესაბამისად მოექცევა მათ საზოგადოება.

თუ თქვენი შვილი გამართავს ისტერიკას, ამაყად ასწიეთ თავები მაღლა! ნურავის დაჟინებული ცქერის ნუ შეგეშინდებათ!

„არ ჩამოხვიდეთ ავტობუსიდან!“

მარი კორკოტაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100