სამშობლოში დაბრუნებული ილია მეორე აცხადებს, რომ „ასეთი ისტორიული ვიზიტი ჯერ არ ყოფილა“
„ასეთი ისტორიული ვიზიტი ჯერ არ ყოფილა“, - ასე შეაფასა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ისრაელში ვიზიტი. პატრიარქი ისრაელში 18 თებერვალს გაემგზავრა და საქართველოში დღეს დაბრუნდა.
„ბედნიერი ვარ, რომ მშვიდობით დავბრუნდით ისრაელიდან. ეს იყო ისტორიული ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი ისტორიული ვიზიტი ჯერ არ ყოფილა“, - „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ილია მეორემ ამის შესახებ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ვიზიტის განრიგის მიხედვით, ვიზიტის პირველ დღეს ქართული დელეგაციის წევრებმა მოილოცეს წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერი, წმინდა საბა განწმენდილის ლავრა და ჯვრის მონასტერი. ასევე, ილია მეორე პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდა.
მეორე დღეს ილია მეორემ ქართველ სასულიერო პირებთან ერთად მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვა აღავლენა. 20 თებერვალს კი პატრიარქმა ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში შეასრულა წირვა და იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტერ მოილოცა.
21 თებერვალს კათოლიკოს-პატრიარქი მთავარ რაბინებს შეხვდა და გოდების კედელი მოინახულა. 22 თებერვალს კი საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა ქალაქ ხოლონში და ასევე შეხვდა იორდანიის მეფეს.
23 თებერვალს ილია II ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, რეუვენ რივლინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სიონის წმინდა მთაზე გაემგზავრა და წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავი მოილოცა.
იმავე დღეს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრა ჰერცელის მთაზე, სადაც იად ვაშემის მუზეუმი დაათვალიერეს. შემდეგ ილია II ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს შეხვდა.
24 თებერვალს საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ მოილოცა წმინდა გერასიმეს მონასტერი, გაემგზავრენენ იორდანიის საზღვარზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და მდინარე იორდანესთან ილოცეს.
კომენტარი